ახალი ამბები

დონორთა კონფერენცია საქართველოს დახმარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს

საქართველო მმართველობის, საბიუჯეტო და ენერგეტიკულ სფეროებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო ფინანსურ უზრუნველყოფას 2004-2006 წლებში დონორ ქვეყნებზე ამყარებს.

16-17 ივნისს ბრიუსელში მიმდინარე დონორთა კონფერენციაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ევროკავშირიც თანათავმჯდომარეობს, საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინა ის პრიორიტეტული დარგები, რომელთა დასახმარებლად საქართველო დონორებისგან 480 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს.
 
“ეს კონფერენცია ცხადყოფს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნას დაეხმაროს საქართველოს არსებული პრობლემების მოგვარებაში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დონორი ქვეყნები, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურად გამოიყენებს ამ დახმარებას“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 15 ივნისს ბრიუსელიდან ტელეკომპანია „იმედი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.








 

საქართველოს 480 მილიონი დოლარი სჭირდება სხვადასხვა სფეროებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. მათ შორის:
 
· საბიუჯეტო დახმარება – 125 მლნ დოლარი
· ენერგეტიკის სფერო – 82 მლნ დოლარი
· მმართველობა – 78 მლნ დოლარი
· სიღარიბის დაძლევა – 73 მლნ დოლარი
· ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – 77 მლნ დოლარი
· სოფლის მეურნეობა/სურსათი – 28 მლნ დოლარი
· აჭარის რეინტეგრაცია – 22 მლნ დოლარი

ევროკავშირის 15 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ორგანიზაცია 2004-2006 წლებში 150 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება საქართველოს.
 
“დახმარება მიმართული იქნება საქართველოში იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა ფინანსური უზრუნველყოფის შედეგად უნდა განხორციელდეს ცალკეული რეფორმები”, ნათქვამია ევროკავშირის მიერ 15 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში. 
 
ევროგაერთიანების ჰუმანიტარულ ოფისის ჰუმანიტარული დახმარებისა და ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების კონფლიქტის ზონების რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხების ჩათვლით, 2004-2006 წლებში ევროკავშირის საქართველოს მიმართ გასაწევი დახმარება მთლიანობაში 164 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
 
ეს ნიშნავს ევროკავშირის დახმარების გაორმაგებას გასულ სამ [ 2001-2003] წელიწადთან შედარებით.
 
ბრიუსელის კონფერენციაზე ზურაბ ჟვანია წარადგენს საქართველოს მთავრობის რეფორმებისა და განვითარების გეგმას, რომელიც ფინანსური დახმარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს.
 
საქართველო გეგმავს გამოყოფილი 480 მილიონი დოლარი ქვეყნისათვის ყველაზე საჭირბოროტო  სექტორებს მოახმაროს. მათ შორის არის ენერგოსექტორის რეაბილიტაცია, საბიუჯეტო დახმარება, მმართველობა და ანტი-კორუფციული ღონისძიებები, სიღარიბის დაძლევა, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობა და კვების უსაფრთხოების სისტემის განვითარება; ასევე აჭარის რეინტეგრაციისკენ მიმართული ღონისძიებები.
 
თანხის უდიდეს ნაწილს საქართველო ბიუჯეტის დახმარებისთვის ითხოვს. საერთო ჯამში ეს თანხა 2004-2006 წლებში 125 მილიონ დოლარს შეადგენს.
 
საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ენერგოსექტორს მომდევნო ორ წელიწადში 82 მილიონი დოლარი სჭირდება. მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება ენერგოსექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, ენერგოუზრუნველყოფის მიღწევა 2004-2005 წლების ზამთრის სეზონისათვის და სექტორის ფინანსური თვითუზრუნველყოფისთვის გარკვეული წინაპირობების შექმნა.
 
მმართველობა და ანტიკორუფციული ღონისძიებები მესამე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართებით საქართველოს ხელისუფლების მიერ 78 მილიონი დოლარის ოდენობის განაცხადი მოხმარდება ეფექტურ და გამჭირვალე სამოქალაქო სტრუქტურის შექმნას ადმინისტრაციული, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემების რეფორმირების გზით.
 
საქართველო 73 მილიონ დოლარს ითხოვს სიღარიბის დაძლევის პროგრამებისთვის, მათ შორის უმწეოთა, ღარიბთა და ბავშვთა დასაცავად განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მეშვეობით.
 
77 მილიონი დოლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას დასჭირდება. ეს დახმარება ძირითადად ორ მსხვილ პროექტს მოხმარდება: გზების რეაბილიტაცია და წყლით მომარაგებისა და სანიტარული სამსახურის გაუმჯობესება.
 
დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორისთვის 28 მილიონ დოლარს შეადგენს. იგი გულისხმობს უსაფრთხო საკვები სისტემის განვითარებას.
 
საქართველოს ხელისუფლება ასევე ითხოვს 22 მილიონ დოლარს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი რეინტეგრაციის პროექტების განსახორციელებლად, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესს, ფოთის პორტის მახლობლად დაზიანებული გზების აღდგენას და ბათუმის წყლით მომარაგების სისტემის რეაბილიტაციას.
 
მაისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 16 ქვეყანა შეარჩია, მათ შორის საქართველოც, რომლებიც Millennium Challenge Account (MCA)-ის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
Millennium Challenge Corporation-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი თბილისს ივნისის დასაწყისში ეწვია და საქართველოს ხელისუფლებასთან დახმარების სხვადასხვა პროექტები განიხილა.
 
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველომ შესაძლოა პროგრამის ფარგლებში 3-4- წლის განმავლობაში 400 მილიონი აშშ მიიღოს. 
 

მსგავსი/Related

Back to top button