
სერგეი ლავროვი: სამხედრო ბაზების საკითხის მოსაგვარებლად კეთილი ნებაა საჭირო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სტამბოლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი “კეთილი ნების არსებობის” შემთხვევაში მოგვარდება.
“შეთანხმების მიღებისას კონკრეტული ვადები არ ყოფილა განსაზღვრული. იგი უბრალოდ ითვალისწინებდა შეთანხმების მიღწევას მოლაპარაკებების გზით საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის ვადებისა და პირობების თაობაზე”, განაცხადა სერგეი ლავროვმა 1999 წლის ეუთოს სტამბოლის ხელშეკრულების კომენტირებისას.
ხელშეკრულებაში ნათქვამია: “2000 წლის განმავლობაში ორივე მხარემ [რუსულმა და ქართულმა] უნდა დაასრულონ მოლაპარაკებები ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული რუსეთის ორი ბაზის და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის სამხედრო ობიექტების ფუნქციონირების ხანგრძლივობასა და პირობებზე”.
თუმცა, მხარეებმა ჯერ-ჯერობით ვერ მიაღწიეს ვარანაირ შეთანხმებას ბაზებთან დაკავშირებით.
“მოლაპარაკებები მას შემდეგ განახლდა, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროცესის განახლებაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების პოზიციის გამო გაყინული იყო”, დასძინა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი მოსკოვში 23 ივნისს გაიმართა.