ახალი ამბები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ახალი პერსპექტივები

ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან სალომე ზურაბიშვილთან

 

ამ დღეებში საქართველო ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც რუსულ-ქართული ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას უკავშირდება. ეს იდეა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ივნისის დასაწყისში აშშ-ში მისი ვიზიტის დროს პირველმა გააჟღერა.  22 ივნისს იგეგმება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი რუსულ მხარესთან სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.

საქართველომ წარმატებული ნაბიჯები გადადგა ევროსტრუქტურებში, კერძოდ კი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტს წარმოადგენს. თითქმის პარალელურ რეჟიმში ნატო-მ დაამტკიცა საქართველოსთან “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა”, ხოლო ევროკავშირმა საქართველოს “ახლო მეზობლობის ინიციატივაში” გაერთიანებას ოფიციალურად დაუჭირა მხარი 14 ივნისს.

ამ და სხვა თემებზე “სივილ ჯორჯია” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეც არის, ამ პოსტზე 2004 წლის მარტში პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

ქ-ნო სალომე, თუ იგეგემება მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით?

ჯერ-ჯერობით არაფერი ახალი არ არის ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები ორჯერ გადაიდო, თუმცა 22 ივნისისათვის დაგეგმილია პირველი შეხვედრა მოსკოვში, რის შემდეგაც ანალოგიური შეხვედრა თბილისშიც უნდა ჩატარდეს.

ჩემი მინისტრობის პერიოდში ბაზებთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგან ეს პროცესი ფაქტიურად ჩიხში იყო შესული. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირებით და ასევე რუსული მხარე ითხოვდა 500 მილიონს 1999 წლის სტამბოლის სამიტზე აღებული ვალდებულებების [ბაზების გაყვანის]განხორციელებისათვის. 

მოლაპარაკებების დროებით შეფერხება განპირობებული იყო იმითაც, რომ რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელი არ ჰყავდა. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებათა რაუნდები, მაგრამ კონკრეტული შედეგები არ მოსდევს მას.

მაგრამ დღეს ჩვენ უკვე პროგრესის იმედი გვაქვს, რადგან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვალა. რუსები ეთანხმებიან პრინციპს, რომ ბაზები უნდა იქნას გაყვანილი, შესათანხმებელია მხოლოდ ვადები და ცალკეული ნიუანსები. პრეზიდენტების დონეზე არსებობს ახალი შეხედულებები.

ქართულ მხარეს ეკუთვნის ინიციატივა ქართულ-რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე. რას გულისხმობს ეს?

ჯერ-ჯერობით ოფიციალური რუსეთი ამ ინიციატივას არ გამოხმაურებია, თუმცა გასულ კვირას პრეზიდენტების სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა პუტინმა გამოხატა დაინტერესება ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც იმის იმედს გვაძლევს, რომ პრეზიდენტების დონეზე თუ არა სხვა დონეზე მაინც გაიმართება შეხვედრა, სადაც რუსეთის პოზიციას გავიგებთ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით.

როცა ერთი მიმართულება ჩიხშია შესული, მაშინ ალტერნატიული გზები უნდა ეძებო. ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, რომლის მიზანია ანტიტერორისტული წრთვნა, მომზადება და ინფორმაციების გაცვლა, სწორედ ასეთი გზაა. ეს ცენტრი მისცემს საშულებას რუსულ მხარეს, რომ ახალი ფორმატით განაგრძოს საქართველოსთან ურთიერთობა. იგი შეიქმნება პარიტეტულ დონეზე, თუმცა ჯერ მაინც მოსაფიქრებელია, თუ როგორი იქნება, რამდენი ხნით იარსებებს და მსგავსი კონკრეტიკა. ჯერ-ჯერობით ჩვენ ველოდებით რუსების რეაქციებს იდეის გარშემო, მათი დადებითი პასუხის შემთხვევაში ამ ცენტრის ფუნქცია ადვილად შეთანხმდება.

ჩვენთვის ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა ნამდვილად არ არის ბაზების საქართველოში დატოვების მალული ფორმა. ჩვენთვის ეს არის თანამშრომლობის ახალი ფორმა, რაზეც მოლაპარაკებების გამართვაზე მზადყოფნას ვაცხადებთ. მაგრამ თუ რუსული მხარე ამ იდეას აღიქვამს, როგორც ბაზებისათვის სახელის გადარქმევას, რა თქმა უნდა ამას არ დავეთანხმებით. ჩვენი ინტერესი ნამდვილად არ არის, რომ რაღაც თამაშები დავიწყოთ ამ თემის ირგვლივ, რადგანაც რუსეთს აქვს ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებული, რომელიც უნდა შესრულდეს.

ეს იქნება ახალი გზა, რომელზედაც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ წინ წავწიოთ ეს მოლაპარაკებები. თუ არადა ჩვენ გვაქვს ასევე ახალი წინადადებები, რომელსაც რუსულ მხარეს ბაზებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დროს შევთავაზებთ, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს მოლაპარაკებების საიდუმლოა და მხოლოდ მას შემდეგ გავახმოვანებთ, რაც რუსებისგან კონკრეტულ პასუხებს შევიტყობთ.

ქ-ნო სალომე, თქვენ ანტიტერორისტული ცენტრის იდეის შესახებ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადეთ. თუ იყო ამ თემაზე საუბარი კოლინ პაუელთან შეხვედრისას?

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა მათი უცვლელი პოზიცია რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით. ისინი მხარს გვიჭერენ ამ საკითხში. ამერიკა ამ მხარდაჭერას უახლოეს მომავალში დაგეგმილ სტამბოლის სამიტზეც [28-29 ივნისი]გამოხატავს.

მე გავაცანი ბ-ნ პაუელს, თუ რაში მდგომარეობდა რუსეთთან ერთად ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეა და მისი მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით დაინტერესებული არიან, რომ ეს პრობლემა რამენაირად წინ წავიდეს და პროგრესი იქნას მიღწეული.

ის ფაქტი, რომ ანტიტერორისტულ დარგში საქართველომ ერთის მხრივ ამერიკასთან ჯარების მომზადებაში, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთთან სხვა ტიპის მომზადებაში ითანამშრომლოს, აშშ-სთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება რუსეთთან ჩარჩო ხელშეკრულების მომზადებას, თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები?

ჩარჩო ხელშეკრულებასთან დავშირებით პრობლემები არ დგას. როგორც კი იქნება ბაზების საკითხი გადაწყვეტილი ჩარჩო ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი.

მოლაპარაკებებზე რუსები ითხოვენ, რომ ხელშეკრულებაში  ჩაიდოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც მესამე ქვეყნის სამხედრო ძალის განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვებს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ უარს ვაცხადებთ ორ თანაბარუფლებიან ქვეყანას შორის გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებაში ცალმხრივად ჩაიდოს ასეთი პირობები. თუმცა ჩვენ ასევე ღიად ვაცხადებთ, რომ სხვა ქვეყნის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებას არ ვაპირებთ. არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში სხვადასხვა ფორმები, რომლითაც საქართველო ამის დეკლარირებას საჯაროდ მოახდენს და ვფიქრობ, მოიხსნება ეს პრობლემა.

პრეზიდენტების სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრის დროს გამოითქვა სურვილი ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. რა ვითარებაა ამ მხრივ?

სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოსალაპარაკებელი არც არაფერია. ეს არის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. აქ რუსული მხრიდან დგას ერთადერთი პრობლემა იმავე ანტიტერორისტული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ ისინი აქვე აცხადებენ კმაყოფილებას პანკისის ხეობაში სიტუაციის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, ასევე მიმდინარეობს სასაზღვრო ზოლის ერთობლივი მონიტორინგიც.

ამიტომ რატომ არ მიდის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ პრეზიდენტების დონეზე უკვე დეკლარირებული საკითხი ბოლომდე, ჩემთვის გაუგებარია. ალბათ ისინი აქაც ორ ქვეყანას შორის სხვა პრობლემების მოგვარებას ელოდებიან.

სავიზო რეჟიმის გამარტივებას არანაირი მოლაპარაკებები არ სჭირდება და  მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნების საქმეა. ჩვენ ველოდებით რუსული მხარისგან პრეზიდენტ პუტინის იმ განცხადების რეალიზებას, რომელიც მან სავიზო მიმოსვლის გამარტივებასთან დაკავშირებით გააკეთა პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის დროს. 

საქართველომ უკვე წარუდგინა ნატო-ს “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა”. როგორია ვითარება ამ კუთხით?

ეს გეგმა ძალიან დადებითად იქნა მიღებული ნატო-ს მიერ. ჩვენი ვიზიტისას ბრიუსელში [7 ივნისი] ისმოდა მხოლოდ დადებითი შეფასებები და არ ყოფილა რაიმე უარყოფილი შენიშვნა ამ გეგმის მიმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გეგმის შესრულებას დაახოებით 2 წელი დასჭირდება, რომელიც ძალიან დეტალურად და სრულყოფილად უნდა განახორციელოს საქართველომ.

თუმცა იყო შენიშვნებიც. მაგალითად, მათ მოითხოვეს გეგმაში გაწერილი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისათვის კონკრეტული ვადების მითითება, რაც ჩემის აზრით ცოტა რთულია, რადგან იქ გაწერილია ცალკეული პროცესები, რომლის კონკრეტულ თარიღებში მოქცევა გაჭირდება.

ჩვენი მხრიდან “ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის” წარდგენას, რომელიც უკვე დაამტკიცა ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა, უნდა მოჰყვეს ნატოს გენერალური სამდივნოს მიერ ერთობლივი გეგმის შემოთავაზება, რომელიც მიხედვითაც უკვე დაიწყება საქართველოს მიერ მისი შესრულების პროცესი.

როგორია ვითარება ევროკავშირთან ურთიერთობების თვალსაზრისით?

“ახლო მეზობლობის ინიციატივაში” ოფიციალურად შევედით გუშინ [14 ივნისი], ორ მეზობელ სახელმწიფოსთან სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად. ეს გადაწყვეტილება უკვე ივნისის ბოლოს დადასტურდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების შეხვედრაზე.

ეს არის ერთი ნაბიჯი წინ ევროკავშირში გაერთიენებისაკენ, არც მეტი და არც ნაკლები. გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ, ჩვენ უკვე წევრობის კანდიდატი ქვეყანა გავხდებით. თუ რამდენად სწარაფად მოხდება ეს ჩვენზეც დიდად არის დამოკიდებული.

“ახლო სამეზობლო ინიციატივაში” გაერთიანებას უნდა მოჰყვეს საქართველოს მხრიდან გეგმის შედგენა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. სამოქმედო გეგმის შესადგენად რაიმე სტანდარტი არ არსებობს, ამიტომ ჩვენ უნდა დავიხმაროთ მეგობარი ქვეყნები, რომლებმაც ეს ეტაპი გაიარეს, რათა გაგვიზიარონ მათი გამოცდილება. ეს პროცესი პარალელური და ანალოგიურია იმისი, რა სტადიაშიც ჩვენ ნატო-სთან მიმართებაში ვართ, უბრალოდ ეს სხვა, უფრო ფართო სფეროა.

ძალიან მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ  ჩვენი ინტერესების მიხედვით შევქმნათ ისეთი გეგმა, რომელიც მიგვიყვანს ევროპამდე, თანაც ამ საქმეში შეზღუდვები არ არსებობს.

ამ ინიციატივაში გაერთიანება უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯია. ადრე კავკასიის ქვეყნების გაერთიანება სამეზობლო ინიციატივაში გათვალისიწნებული არ იყო. დღეს კი აქ გაწევრიანება ფაქტიურად ევროპის ნაწილად აღიარების ტოლფასია. გარდა პოლიტიკური მხარისა, მოსალოდნელია ეკონომიკური სარგებლის მიღებაც. შეიქმნება სპეციალური ფონდი, საიდანაც მოხდება ცალკეული პროგრამების დაფინანსება, რომელიც საქართველოში ევროსტანდარტების დონის ინსტიტუტების დანერგვისკენ იქნება ორიენტირებული. 

და ბოლოს, თქვენი გეგმები საგარეო საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებით ?

სამინისტროს რეფორმირების გეგმა, რომელიც ცენტრალურ აპარატს და საელჩოებს ეხება, უკვე მზად გვაქვს და მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. პარალელურად პრეზიდენტთან მიდინარეობს საბოლოო კონსუტაციები ელჩების ახალი კანდიდატურებისა და ცალკეული გადანაცვლებების შესახებ.

მესამე ეტაპი, რომელიც ამ ორზე არის დამოკიდებული, არის შიდა გადაადგილებები და სტრუქტურების ხელმძღვანელების დანიშვნები. ბოლო ეტაპი კი არის კონკურსის გამოცხადება ახალი კადრების მისაღებად, რაც ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, რომ რეფორმირების ეტაპები მალე დასრულდება და უკვე სექტემბრიდან სრულფასოვან მუშაობას შევძლებთ.

მიუხედავად ჩვენ სექტორზე გამოყოფილი მწირი ბიუჯეტისა, საელჩოების დაფინანსებას პრობლემები არ ექმნება. მეტიც, ეტაპობრივად დაიწყო იმ დავალიანებების დაფარვაც, რომელიც 1994 წლიდან დაუგვროვდა ცალკეულ საელჩოებს.

მსგავსი/Related

Back to top button