
თბილისი და ბაქო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 14 ივნისს თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ორი ქვეყანა სტრატეგიული პარტნიორები არიან და ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მხარეები სარკინიგზო გადაზიდვებზე თანაბარი ტარიფების შემოღებაზე შეთანხმდნენ.
“ჩვენ სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფებს შევამცირებთ. ეს დაგვეხმარება უფრო მეტი რაოდენობის ტვირთის მოზიდვაში. მარშრუტი ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით უმოკლესია, თუმცა იგი ყველაზე იაფიც უნდა გახდეს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბრიფინგზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები ამ მეზობელ ქვეყანასთან დინამიურად ვითარდება.
ქართველმა და აზერბაიჯანელმა პრეზიდენტებმა მზადყოფნა გამოხატეს საქართველოს გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, სამშენებლო სამუშაობს დამატებით 700-800 მილიონი დოლარი სჭირდება, რისთვისაც დონორების მოზიდვაა საჭირო.
რკინიგზის მშენებლობის საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს იქნა განხილული.
ქართველმა და აზერბაიჯანელმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ხუთ ხელშეკრულებას ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის, სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, ასევე ოქმს საქართველოსა და აზერბაიჯანის სამოქალაქო ავიაციის დარგში თანამშრომლობის და ორი ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიებს შორის თანამშრომლობის შესახებ.
“ჩვენი ქვეყნების მომავალი ჩვენი გეგმების წარმატებულ შესრულებაზეა დამოკიდებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების კეთილდღეობა სავსებით შესაძლებელია ჩვენი ერთობლივი საქმიანობის კოორდინაციის გზით. დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს“, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბრიფინგზე.