ახალი ამბები

ევროკომისია შეშფოთებულია გორი-ცხინვალის სარკინიგზო ხაზზე აღდგენითი სამუშაოების შეწყვეტის გამო

ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ოსური მხარე ხელს უშლის გორი-ცხინვალის სარკინიგზო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დასრულებას, სადაც სულ რამოდენიმე ასეული მეტრი დარჩა აღსადგენი.


ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ 9 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ ხაზის სარეაბილიტაციოდ ევროკავშირმა უზრუნველყო 400 000 ევროს ღირებულების მასალების შეძენა და ცხინვალის რკინიგზის სადგურის სრული აღდგენა, რისთვისაც მან ცალკე 200 000 ევრო გამოყო.


ევროკომისიის წარმომადგენლობა შეახსენებს ოსურ მხარეს 2001 წელს “ევროკავშირის მეორე სარეაბილიტაციო პროგრამის” ფარგლებში  აღებულ ვალდებულებას და იმედს გამოთქვამს, რომ სამუშაოები სწრაფად განახლდება.


ევროკავშირმა მხარი დაუჭირა გორი-ცხინვალის სარკინიგზო ხაზის აღდგენას, რადგან მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხელს შეუწყობს ადამიანების და ტვირთის  თავისუფალ გადაადგილებას და ზოგადად ვაჭრობას, რაც სამშვიდობო პროცესისათვის აუცილებელია.


მესამე სარეაბილიტაციო პროგრამას, რომლის სრული ბიუჯეტი 2.5 მილიონი ევროა, დააფინანსებს ევროკავშირი ეუთოსთან, გაეროს განვითარების პროგრამასთან და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან მჭიდრო თანამშრომლობით.


 

მსგავსი/Related

Back to top button