ახალი ამბები

რუსეთი და საქართველო სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებებს განაახლებენ

საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში განახლდება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა ალექსანდრე იაკოვენკომ გააკეთა.


“საქართველოსა და რუსეთს შორის ამ საკითხზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში განახლდება და განიხილება ვადებისა და სამხედრო ბაზების ფუნქციონირების საკითხები”, განაცხადა ალექსანდრე იაკოვენკომ 10 ივნისს.


რაც შეეხება ქართული მხარის ინიციატივას ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, ალექსანდრე იაკოვენკოს განცხადებით, ეს საკითხი ჯერ კიდევ მაისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროს იქნა განხილული.


ბოლო დროს საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა აქტიურად დააყენა, სანაცვლოდ კი რუსულ მხარეს ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა. ამ საკითხების განხილვისათვის საგარეო საქმათა მინისტრმა რუსეთის დელეგაცია თბილისში მოიწვია. 


 

მსგავსი/Related

Back to top button