ახალი ამბები

პარლამენტი მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს

საქართველოს განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა 10 ივნისს დაგეგმილ პარლამენტის სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს ნდობა უნდა  მოიპოვოს. ოპოზიციური ფრაქცია „ახალი მემარჯვენეები-მრეწველების“ წარმომადგენლებმა უკვე დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება მთავრობის განახლებული შემადგენლობის მიმართ.


გარდა განახლებული მთავრობის საკითხის განხილვისა, კანონმდებლები გენერალური პროკურორის ახალი კანდიდატის განხილვასაც გეგმავენ.


საკადრო ცვლილებები ძირითადად ძალოვან უწყებებს შეეხო.


თავდაცვის მინისტრის პოსტს უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი უშიშროების სამინისტროს ჩუდგება სათავეში, ხოლო მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი გახდება. რაც შეეხება, ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.


უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეითავსებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი უწყებების საქმიანობას.


მთავრობაში სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ახლახანს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა რუსეთის მოქალაქობასაც ინარჩუნებს, ეკონომიკის მინისტრი გახდა.


სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ბენდუქიძის მსგავსად ორმაგი – საქართველო-საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს.


მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები არიან: ნიკა გილაური – ენერგეტიკის მინისტრი, გიორგი პაპუაშვილი – იუსტიციის მინისტრი, ეთერ ასტემიროვა – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კახა ლომაია – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ლადო ჭიპაშვილი – ჯანდაცვის მინისტრი, დავით შერვაშიძე – სოფლის მეურნეობის მინისტრი, თამარ ლებანიძე – გარემოს დაცვის მინისტრი, გიორგი გაბაშვილი – კულტურისა და სპორტის მინისტრი და თამარ სულუხია – ინფრასტრუქტურის მინისტრი.


თუმცა, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებიც არის მოსალოდნელი, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. სტრუქტურული ცვლილების შედეგად, ინფრასტრუქტურის მინისტრი თამარ სულუხია ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდება.


კაბინეტის შემადგენლობაში ასევე შედის ხუთი სახელმწიფო მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებს კურირებს, გურამ აბსანძე ეროვნული თანხმობის პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჯამბულ ბაკურაძე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებს კურირებს, სახელმწიფო მინისტრი – გოგა ხაინდრავა კონფლიქტების მოგვარების საკითხებზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეხუთე სახელმწიფო მინისტრი ზურაბ მელიქიშვილი ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებს უწევს კოორდინაციას.       



 

მსგავსი/Related

Back to top button