ახალი ამბები

ეკონომიკის მინისტრი პრივატიზაციაზე საუბრობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ, რომელიც ეკონომიკის რადიკალურ ლიბერალიზაციას უჭერს მხარს, 9 ივნისს განაცხადა, რომ თითქმის ყველა სახელმწიფო ობიექტი თუ საწარმო, მათ შორის ფოთისა და ბათუმის პორტებიც პრივატიზაციას უნდა დაექვემდებაროს.


ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე გავლენიანმა ბიზნესმენმა, რომელიც ივნისის დასაწყისში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, განუცხადა საფინანსო და დარგობლივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტების წევრებს, რომ სახელმწიფო საწარმოები “რაც შეიძლება მაღალ ფასად უნდა გაიყიდოს“.


იმავე დღეს, 9 ივნისს, კახა ბენდუქიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ “რკინიგზის, მაგისტრალური გაზსადენისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის პრივატიზაცია არ მოხდება“.


ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისა და დანარჩენი საქართველოს საზღვარზე მდებარეობს, უმსხვილესი ელექტროსადგურია ქვეყანაში, რომელიც ყოველდღიურად 700 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.    


ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მსგავსად, არ მოხდება არც სხვა ენერგოობიექტების პრივატიზაცია, რომლებიც კონფლიქტის ზონებშია განლაგებული.


კახა ბენდუქიძემ, რომელმაც ახლახანს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა რუსეთის მოქალაქეობასაც ინარჩუნებს, აღნიშნა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეისყიდის საწარმოებს საქართველოში.


“მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეისყიდის სახელმწიფო საწარმოებს – რუსი, ამერიკელი თუ სხვა ბიზნესმენი. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ ამ ობიექტების პრივატიზაციიდან“, დასძინა მან.  


9 ივნისს კახა ბენდუქიძემ კანონმდებლებს განუცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა “უნდა გათავისუფლდეს საბჭოთა მენტალიტეტისგან”, ისევე როგორც ქართველი ბიზნესმენები – “მაღალი გადასახადებისგან”.


მისი თქმით, მთავრობა ახალი ლიბერალური საგადასახადო კოდექსის პროექტს 12 ივნისისთვის წარმოადგენს.


ბენდუქიძის განცხადებით, რადიკალური და ულტრა-ლიბერალური რეფორმების შემთხვევაში “2007 წლისათვის ეკონომიკური ზრდა საქართველოში წლიურ 12% მიაღწევს”.


“ბედნიერი ვიქნები, თუ 2007 წლისათვის ეკონომიკის სამინისტროს საჭიროება აღარ იქნება და იგი გაუქმდება”, – დასძინა ეკონომიკის მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button