ახალი ამბები

რუსეთის დელეგაცია ჩეჩენ ლტოლვილებს უსაფრთხოების გარანტიებს ჰპირდება

რუსეთის ფედერაციის შსს საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებისა და პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების შეხვედრა სოფელ დუისში დღეს შედგა. რუსეთის მხარე ჩეჩენ ლტოლვილებს ჩეჩნეთში დაბრუნებისას უსაფრთხოების გარანტიების შექმნას დაჰპირდა.
 
რუსეთის საემიგრაციო სამსახურის უფროსის მოადგილის იგორ იუნაშის განცხადებით, რუსეთის მხარე ეცდება სამშობლოში დაბრუნებულ ჩეჩენ ლტოლვილებს უსაფრთხო გარემო შეექმნათ. ასევე, რუსები მზად არიან ჩეჩნეთში ჩასვლამდე ლტოლვილებზე კომპენსაციების გაცემა ადგილზე მოხდეს. დახმარება თითო მოსახლეზე 1000 რუბლს შეადგენს, რაშიც არ შედის საცხოვრებელი სახლის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები.
 
ჩეჩენი ლტოლვილები რუსებისგან უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ითხოვენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადებენ თანხმობას სამშობლოში დაბრუნებაზე.  
 
დღევანდელ შეხვედრაზე ჩეჩენმა ლტოლვილებმა თანხმობა განაცხადეს რუსეთის დელეგაციის მიერ ჯერ კიდევ 2003 წლის სექტემბერში ჩამოტანილი ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.


რუსეთის დელეგაცია ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების მიზნით უკვე  მესამედ  ჩამოდის საქართველოში. წინა ორი ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობას რუსეთის შსს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ, უშედეგოდ დასრულდა. მაშინ ჩეჩენმა ლტოლვილებმა უარი განაცხადეს რუსეთის დელეგაციის მიერ ჩამოტანილ სურასთსა და ტანსაცმელზე, რომელიც 2000 კაცზე იყო გათვლილი. ლტოლვილების ჩეჩნეთში დაბრუნებაზე  მაშინდელი უარი შიშის ფაქტორით იყო განპირობებული.
 
სპეციალურ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია დღესვე მოამზადებს მიმართვას საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობას შეეხება.
 
დღესვე დუისში ჩატარდება სახალხო კრება, სადაც ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში დაბრუნების შესახებ იმსჯელებენ.  დღესდღეობით პანკისის ხეობაში დაახლოებით 3000 ლტოლვილი ცხოვრობს. 

მსგავსი/Related

Back to top button