ახალი ამბები

რუსეთის სათათბირო ე.წ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვის განხილვას აპირებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა დღეს განაცხადა, რომ სათათბირო მაშინვე განიხილავს თვითგამოცხადებული  სამრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას, რაც იგი ოფიციალურად შევა ქვედა პალატაში. მისი განცხადებით, მიმართვის ტექსტი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ შესულა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში.


“ამ მიმართვას შემოსვლისთანავე განვიხილავთ, თუ საჭირო გახდა ამ მიზნით სათათბიროც შეიკრიბება”, განაცხადა გრიზლოვმა.


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ახლადარჩეულმა პარლამენტმა რამოდენიმე დღის წინ მიიღო მიმართვა რუსეთის სათათბიროსადმი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების შეფასებით “იძულებითი ნაბიჯი იყო”, სადაც რუსეთს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებას და იქ მცხოვრები რუსი მოქალაქეების დაცვას სთხოვს.


“საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთზე მოსალოდნელი აგრესიის ფონზე, სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის ნების გათვალისწინებით, რომელიც მათ 1992 წლის რეფერენდუმზე გამოხატეს, სამხრეთ ოსეთის პარლამენტი მიმართავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დამოუკიდებლობის ცნობისა და რუსი თანამოქალაქეების დაცვის თხოვნით”, ნათქვამია დოკუმენტში.


რუსული საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, დოკუმეტში “საქართველოს მხრიდან ბოლო დროს სამხედრო ტექნიკის კონცენტრაცია კონფლიქტის ზონაში, ასევე  მშვიდობიანი ჰუმანიტარული აქციები და ქართული ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის აგრესიული განცხადებები” შეფასებულია, როგორც “სხვა არაფერი, თუ არა სამხრეთ ოსეთზე ამ ფორმებით პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა” საქართველოს მხრიდან.


“ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ რუსეთს თხოვნით დაიცვას საკუთარი თანამოქალაქეები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში უმრავლესობას წარმოადგენენ”, განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა.

ჯერ-ჯერობით ოფიციალურ თბილისს ამ საკითხებზე კომენტარი არ გაუკეთებია.


 



 

მსგავსი/Related

Back to top button