ახალი ამბები

პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი განიხილება

7 ივნისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მინისტრთა  კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად.  მინისტრთა კაბინეტში, რომელსაც პარლამენტი ხელახლა გამოუცხადებს ნდობას, მცირე ცვლილებებია მას შემდეგ, რაც წინა მოწვევის პარლამენტმა პირველად დაამტკიცა მთავრობა თებერვლის თვეში.


ცვლილებები განსაკუთრებულად ძალოვან სამინისტროებს შეეხო, სადაც ძირითადად კანდიდატურათა გადანაცვლებები მოხდა. ძალოვანი მინისტრების დასახელების პრეროგატივა კონსტიტუციურად პრეზიდენტს ეკუთვნის.


თავდაცვის მინისტრის პოსტს უკვე ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ბარამიძე დაიკავებს, ხოლო თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება. ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი უშიშროების სამინისტროს ჩუდგება სათავეში, ხოლო მისი წინამორბედი ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი გახდება. რაც შეეხება, ყოფილ გენერალურ პროკურორს ირაკლი ოქრუაშვილს, იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.


უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი შეითავსებს ვიცე-პრემიერის პოსტსაც, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ძალოვანი უწყებების საქმიანობას.


“ვიცე-პრემიერის თანამდებობა ახალი არ არის, ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. ამ თანამდებობაზე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი გიგი წერეთელი იყო, ახლა კი ვანო მერაბიშვილი მოისაზრება, რომელსაც ძალოვანი უწყებების კოორდინირებული მუშაობის ორგანიზების კარგი გამოცდილება აქვს”, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 7 ივნისს.


მთავრობის ახალ სახეების – საგარეო საქამეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის, ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ვლადიმერ ჭიპაშვილის კანდიდატრებს პარლამენტი პირველად გამოუცხადებს ნდობას.


პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში უკვე შევიდა მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები, არ არის გამორიცხული, რომ კონსულტაციების შედეგად დამატებითი კორექტივები განიცადოს მთვარობის შემადგენლობამ. კონკრეტული სფეროები, რომლის თაობაზეც კონსულტაციები მიმდინარეობს, პრემიერმა არ დააკონკრეტა.


დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ რიგგარეშე სხდომა, რომელიც მხოლოდ საკადრო საკითხებს მიეძღვნება, პარასკევს 11 ივნისს გაიმართება. მანამდე კი ცალკეული ფრაქციები და კომიტეტები კანდიდატურებს განიხილავენ. მთავრობას 11 ივნისს მოუწევს ასევე ხელახლა წარადგინოს სამოქმედო პროგრამა.

პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურულ ცვლილებების პროექტს მომავალ კვირას განიხილავს, რომლის თანახმადაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.

მსგავსი/Related

Back to top button