ახალი ამბები

რუსეთის ფედერაციის საბჭო ცხინვალში გამწვავებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 9 ივნისს სპეციალური განცხადება მიიღო, რომელშიც  შეშფოთება გამოხატა ე.წ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს გამწვავებული სიტუაციის გამო.


რუს სენატორთა განცხადებით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვია და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიის რეგიონში.


“ფედერაციის საბჭოს წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ თავიანთ პრინციპულ პოზიციას და მხარს უჭერენ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რასაც ალტერნატივა არ გააჩნია“, ნათქვამია განცხადებაში.


ფედერაციის საბჭომ ასევე მხარდაჭერა გამოხატა 2 ივნისს ცხინვალში ქართულ და ოსურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიმართ.


“ფედერაციის საბჭოს წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს იმისათვის, რათა არ დაუშვას სიტუაციის შემდგომი გამწვავება“, ნათქვამია განცხადებაში.


 

მსგავსი/Related

Back to top button