ახალი ამბები

საქართველო სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რუსეთს „ახალ მიდგომას“ სთავაზობს

თბილისმა მოსკოვს საქართველოდან რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. თბილისს ეკუთვნის ასევე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის ინიციატივა საქართველოში, რომელიც ბაზების გაყვანის სანაცვლოდ განხორციელდება. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი წინადადება, რომელსაც თბილისი „ახალ მიდგომად“ აფასებს, წინ წაწევს ბაზებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩიხში შევიდა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ 31 მაისს გამოაქვეყნა მიმართვა, რომელშიც რუსულ მხარეს სთავაზობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებები თბილისში 10-11 ივნისს გაიმართოს. 

“ქართული მხარე იმედოვნებს, რომ პასუხი ამ წინადადებაზე უახლოეს დღებში გახდება ცნობილი“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის იდეა რუსეთის საგარეო უწყებაში ამჟამად განიხილება. “წინადადება ითვალისწინებს სამხედრო ბაზების გამოყვანის შემდეგ დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის მიზნით გამოყენებას “, განაცხადა 4 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ.


ქართული და რუსული მხარეები ვერ თანხმდებიან ახალქალაქსა და ბათუმში განლაგებულ რუსეთის ორი სამხედრო ბაზის თაობაზე.  1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე მიღებული შეთანხმების მიხედვით, ორ ქვეყანას ეს საკითხები  2001 წლამდე უნდა მოეგვარებინა. თუმცა, რუსულმა და ქართულმა მხარეებმა ვერ შეძლეს რაიმე წინსვლისთვის მიეღწიათ ამ მიმართულებით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინიტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისი დაჟინებით ითხოვს ბაზების გაყვანას სამი წლის ვადაში, მაშინ როცა მოსკოვი მხოლოდ „რვა ან მეტ წელიწადზე“ აცხადებს თანხმობას.
 
ბაზების საკითხი განხილულ იქნა ვაშინგტონში 1 ივნისს სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელს შორის გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში “აღარ ემსახურებიან სამხედრო მიზნებს“.
 
“გვჯერა, რომ ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველო“, განაცხადა კოლინ პაუელმა და იმედი გამოთქვა, რომ “მომდევნო თვეებში, მხარეთა კეთილი ნების შემთხვევაში, ჩვენ ვიპოვით გზას პრობლემის მოსაგვარებლად“.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა რუსეთს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ.
 
“ვფიქრობ ნოვატორული, უფრო მეტიც, რევოლუციური მიდგომაა საჭირო ამ პრობლემის უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“ 4 ივნისს.
 
მისი განცხადებით, წინადადება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე, სწორედ ასეთი ნოვატორული შეთავაზება იყო.
 
“ერთის მხრივ, ჩვენ შევთანხმდით რუსულ მხარესთან განვაგრძოთ მოლაპარაკებები სამხედრო საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ვეცადეთ ახალი მიდგომებისთვის მიგვემართა, კერძოდ შევთავაზეთ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის სანაცვლოდ“, დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მისი თქმით, ეს საკითხი განხილულ იქნა მაისის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროსაც.
 
ამავდროულად, საქართველო, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციისაკენ ისწრაფვის, ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის განხილვას იწყებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა მინისიტრი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან და გენერალური შტაბის უფროს გივი იუკურიძესთან ერთად 7 ივნისს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც დოკუმენტი დეტალურად იქნება განხილული.
 
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რომელიც თავდაცვის სფეროს რეფორმირების მიზნებს აყალიბებს, საქართველომ ნატო-ს აპრილში, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს წარუდგინა.
 
ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხიც იქნება განხილული. ჯერ კიდევ აპრილში ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰუფ სხეფერმა მხარი დაუჭირა 1999 წლის სტამბულის შეთანხმების შესრულებას და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ბაზების გაყვანის თაობაზე უმოკლეს დროში განახლდებოდა. 

მსგავსი/Related

Back to top button