ახალი ამბები

პარლამენტმა ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით განცხადება ერთხმად დაამტკიცა

4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სპეციალური განცხადება ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ერთხმად, 131 ხმით მიიღო.


განცხადებაში, რომელიც სრულად იზიარებს პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ “საქართველოს ერთიან სახელმწიფოში გარანტირებული იქნება ოსი ხალხის უფლებები და მათი თვითმყოფადობა, ასევე შეიქმნება ყველა აუცილებელი პირობა მათი კულტურული, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური უფლებების რეალიზებისათვის”.


პარლამენტი მხარს უჭერს კონფლიქტის პოლიტიკური მეთოდებით გადაჭრას და ამ მიზნის მისაღწევად მიმართავს აშშ-ს, რუსეთს, მეგობარ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერისათვის და შემდგომში ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციაში წვლილის შეტანისაკენ მოუწოდებს.


პარლამენტი ასევე მიმართავს რუსეთის “ცალკეულ ორგანოებს”, რათა გამოიჩინონ შორსმჭვრეტელობა და თავი აარიდონ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, რადგან ეს “არც საქართველოს და არც რუსეთს ზიანის მეტს არაფერს არ მოუტანს”.


საქართველოს პარლამენტმა განცხადება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის სათათბირომ თავისი პოზიცია, რომელიც გმობდა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, 2 ივნისს მიღებულ განცხადებაში გამოხატა.

მსგავსი/Related

Back to top button