ახალი ამბები

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა აღადგინა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარების ახალი პროგრამა დაამტკიცა,  რომელიც ქვეყნისათვის დაახლოებით 144 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს სამი წლის განმავლობაში.


“პირველი ტრანში, 21 მილიონი დოლარის ოდენობით, საქართველოს ნებისმიერ დროს შეუძლია მიიღოს“, ნათქვამია სსფ-ის მიერ 4 ივნისს გავრცელებულ პრეს-რელიზში


სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის ტაკატოსი კატოს განცხადებით, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები წამოიწყო, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევისა და კერძო სექტორის განვითარებისკენ.


“უახლოეს მომავალში საქართველო “პარიზის კლუბის“ წინაშე წარდგება ვალების რესქტრუქტურიზაციის საკითხით. საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ქვეყანა პროგრამის განხორციელების ვადაში ახალი კომერციული სესხების აღებისგან თავს შეიკავებს“, დასძინა ტაკატოსი კატომ.

სსფ-ის პროგრამა თითქმის 2 წლის განმავლობაში შეწყვეტილი იყო საქართველოში, ვინაიდან ქართული მხარე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა.

მსგავსი/Related

Back to top button