ახალი ამბები

თბილისი სამხედრო ბაზების თაობაზე მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ კიდევ ერთხელ მიმართა რუსეთს სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე რეგულარული მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით, რომელიც 10-11 ივნისს თბილისში უნდა გაიმართოს.


1999 წლის ეუთოს სტამბულის სამიტზე ნაკისრი ვალდებულების თანახმად, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ბაზები ბათუმიდან და ახალქალაქიდან.


“ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში. 


საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსული ბაზების გაყვანას სამი წლის ვადაში, მაშინ როცა რუსეთი ამისათვის რვა წელიწადს ითხოვს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა რუსეთს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ.


“ვფიქრობ ნოვატორული, უფრო მეტიც, რევოლუციური მიდგომაა საჭირო ამ პრობლემის უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა 4 ივნისს რუსულსაინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასს”.


მისი თქმით, წინადადება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე სწორედ ასეთი ნოვატორული შეთავაზება იყო.


 

მსგავსი/Related

Back to top button