ახალი ამბები

პარლამენტმა ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე სპეციალური განცხადება განიხილა

დღეს საქართველოს პარლამენტმა განიხილა განცხადება, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხება.


განცხადების მიხედვით, პარლამენტი სრულად იზიარებს პრეზიდენტის 26 მაისსა და 31 მაისის განცხადებების შინაარსს, რომელიც ოსი თანამოქალაქეების სოციალურ დაცვას ეხებოდა, და ცხინვალის რეგიონში სიტუაციის დაძაბვის მიზეზად რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის 31 მაისს გაკეთებულ “აგრესიულ და პროვოკაციულ” განცხადებას ასახელებს. საქართველოს პარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მათ შორის ცხინვალის რეგიონში კონტრაბანდასთან ბროლის დაწყებას.


“პირველად ქართულ-ოსური სამხედრო დაპირისპირების შემდეგ გადაიდგა ნაბიჯები კონფლიქტის დარეგულირებისაკენ.  ამ კონფლიქტის გადაწყვეტა, რომლის ნიშნებიც უკვე სახეზეა, შექმნის პრეცედენტს პოსტ-საბჭოთა სივრცეში გაყინული კონფლიქტების მოწესრიგებაში”, ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გარანტიებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოს ხალხს ერთიან სახელმწიფო სიცრცეში სთავაზობს. დაცული იქნება როგორც ოსი ხალხის თვითმყოფადობა, ასევე მათი უფლებები.


პარლამენტი განსაკუთრებულ აქცენტს კონფლიქტის მშვიდობიანი, “პოლიტიკური გზით” დარეგულირების საკითხზე აკეთებს, “ამასთან ქართველი და ოსი ხალხის მონაწილეობით”.


განცხადებაში საქართველოს პარლამენტი რუსეთის ფედერაციის ცალკეულ ორგანოებს და მასმედიას მოუწოდებს “გამოიჩინოს მეტი პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა და თავშეკავებულობა, რადგან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები კარგს არაფერს მოუტანს არც რუსეთს და არც საქართველოს”.


საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს აშშ-ს, რუსეთს და სხვა მეგობარ ქვეყნებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარში ამოუდგნენ საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის გზაზე და შემდგომში ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის პროცესში თავიანთი წვლილი შეიტანონ.


ცალკეული დეპუტატების მოთხოვნა, რომ 2 ივნისს რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მიღებულ მკაცრ განცხადებაზე საქართველოს პარლამენტს რადიკალური დამოკიდებულება გამოეხატა, პარლამენტართა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.


“ნუ შევეჯიბრებით რეაქციონიზმში რუსეთის ცალკეულ პოლიტიკოსებს”,  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


დღეს რუსეთის სახელმწიფო საათბიროს სხდომაზე 126 დეპუტატმა მხარის არ დაუჭირა რუსეთის პრემიერ-მინიტრის საკანონმდებლო ორგანოში მიწვევას, რომელსაც ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინა მოხსენება.


რუსული საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი”-ს ცნობით, დღესვე გაკეთდა განაცხადება, რომ 10 ივნისს რუსეთის დუმის სამი საპარლამენტო კომიტეტის ერთობლივი სხდომაა დანიშნული, სადაც მოხსენებას ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გააკეთებს ინფორმაციას.

მსგავსი/Related

Back to top button