ახალი ამბები

თბილისი მოსკოვს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას სთავაზობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, შესთავაზა რუსეთს შექმნან ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრი საქართველოდან დარჩენილი ორი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის სანაცვლოდ.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტას“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან შეხვედრის დროს იქნა განხილული ვაშინგტონში 1 ივნისს.


“ერთის მხრივ, ჩვენ შევთანხმდით რუსულ მხარესთან განვაგრძოთ მოლაპარაკებები სამხედრო საკითხებზე, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ ვეცადეთ ახალი მიდგომებისთვის მიგვემართა, კერძოდ შევთავაზეთ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის სანაცვლოდ“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „იტარ ტასს“.


მისი თქმით, საქართველო კვლავ დაჟინებით მოითხოვს რუსული ბაზების გაყვანას ბათუმიდან და ახალქალაქიდან სამი წლის ვადაში, “თუმცა რუსეთი რვა და მეტ წელიწადს მოითხოვს ამისთვის“, დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


“ვფიქრობ ნოვატორული, უფრო მეტიც, რევოლუციური მიდგომაა საჭირო ამ პრობლემის უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად“, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


მისი განცხადებით, წინადადება ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე სწორედ ასეთი ნოვატორული შეთავაზება იყო.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოში “აღარ ემსახურებიან სამხედრო მიზნებს“.


“გვჯერა, რომ ბაზებმა უნდა დატოვონ საქართველო“, განაცხადა კოლინ პაუელმა და იმედი გამოთქვა, რომ “მომდევნო თვეებში, მხარეთა კეთილი ნების შემთხვევაში, ჩვენ ვიპოვით გზას პრობლემის მოსაგვარებლად“.


 


 

მსგავსი/Related

Back to top button