ახალი ამბები

კონტროლის პალატის თავმჯდომარის გამო საპარლამენტო უმრავლესობა ნინო ბურჯანაძეს დაუპირისპირდა

3 ივნისს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ სხდომაზე, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი თანაგუნდელების პრეტენზიების მოსმენა მოუხდა, გადაწყდა დღის წესრიგით გათვალისწინებული კონტროლის პალატის ახალი თავმჯდომარის დამტკიცების საკითხის გადადება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ კანდიდატურას, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს ზურაბ სოსელიას პარლამენტი დღეს არ დაამტკიცებს.


“იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს პარლამენტი დადებითად გადაწყვეტს, პრეზიდენტმა მოიწონა კანდიდატურა და აზრთა სხვადასხვაობა  მხოლოდ ფრაქციის წევრებში არსებობს. ამიტომ უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები, რათა კანდიდატურასთან  მიმართებაში გაჩენილი ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნას”, განაცხადა 3 ივნისს ნინო ბურჯანაძემ.


საპარლამენტო უმრავლესობის პრეტენზიები ბურჯანაძის მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მან თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენა და საკუთარ უმრავლესობასთან შეთანხმების გარეშე დაასახელა სოსელიას კანდიდატურა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე.


გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ამ პოსტზე არ დაასახელა ზურაბ ჟვანიას უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი დეპუტატი დავით ტყეშელაშვილი.


“მე და უმრავლესობას შორის ულტიმატუმებით საუბარი არ მიმდინარეობს, უბრალოდ ყველას თავისი შეხედულება გააჩნია”, აცხადებს ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით მისი ინიციატივით შედგა.


დაპირისპირების ეს შემთხვევა პირველი არ არის. ბურჯანაძე საკუთარის თანაგუნდელების მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თებერვალში და ასევე უკმაყოფილო დარჩა იგი ზურაბ ჟვანიაზე საარჩევნო სიაში ქვოტების გადანაწილების დროსაც საპარლამენტო არჩევნების წინ.

მსგავსი/Related

Back to top button