ახალი ამბები

თბილისი უარყოფს ინფორმაციას ცხინვალის რეგიონის მისადგომებთან ჯარების მობილიზაციის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 3 ივნისს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველო დამატებით ჯარებს აგზავნის გორში, რომელიც ცხინვალიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.


საქართველოს ტელევიზიით 3 ივნისს გადაიცა ათობით საბრძოლო ტანკის გორში მობილიზების ამსახველი კადრები.


“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენაერთი თავისი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება[გორში]. ეს სულაც არ ნიშნავს ძალების მობილიზებას“, განუცხადა გელა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.


მისი თქმით, გორში განლაგებული სამხედრო შენაერთის საბრძოლო ტანკებმა და 200-მდე ჯარისკაცმა მონაწილეობა მიიღო სამხედრო აღლუმში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს გაიმართა.


თუმცა, თავდაცვის მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ გორის სამხედრო შენაერთს სულ მალე დამატებითი ძალები შეუერთდება.


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა უკვე გამოხატა შეშფოთება “კონფლიქტის ზონაში ქართული ჯარების მობილიზების“ თაობაზე და აღნიშნა, რომ თბილისს “სამხრეთ ოსეთში შეჭრა სურს“. 


 

მსგავსი/Related

Back to top button