ახალი ამბები

ოთხმხრივი შეხვერდა ცხინვალში კონკრეტული შეთანხმებებით დამთავრდა

ცხინვალში გამართულ ოთხმრივ საკონტროლო კომისიის სხდომაზე, რომელზეც ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი წარმოადგენდა, რამდენიმე საკითხზე შეთანხმებით დასრულდა.
 
გოგა ხაინდრავას განცხადებით, ოსურმა მხარემ, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბორის ჩოჩიევი წარმოადგენდა, თანხმობა განაცხადა ცხინვალის რეგიონში რკინიგზის აღდგენაზე.
 
“ასევე, უთანხმოების მიუხედავად, საბოლოოდ ოსური მხარე დაგვთანხმდა რეგიონში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიების გაცემაზე, მოსახლეობისთვის სასუქის დარიგებაზე და ცხინვალის რკინიგზის სადგურზე მომუშავე პერსონალის ანაზღაურებით უზრუნველყოფაზე“, განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უნდობლობა გამოუცხადა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო  ჯარების სარდალს სვიატოსლავ ნაბდზოროვს და მისი გაწვევა მოითხოვა. რუსული მხარე, რომელიც გუშინდელ მოლაპარაკებაში იღებდა მონაწილეობა,ამ საკითხზე რეაგირებას უახლოეს მომავალში მოახდენს.
 
ქართული მხარე გუშინდელი შეხვედრით კმაყოფილია და აცხადებს, რომ მზად არის ამ ტიპის შეხვედრები უფრო რეგულარულად  გამართოს.


დღესვე სარკინიგზო გზის აღდგენის მიზნით, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირაში ამოქმედდება,  ცხინვალის რეგიონში ჩავა “საქართველოს რკინიგზის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.  


ცხინვალის რეგიონში რკინიგზის აღდგენისა და ქართველი და ოსი მოსახლეობისთვის პენსიების გაცემის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 31 მაისს გააკეთა.
 

მსგავსი/Related

Back to top button