ახალი ამბები

რუსეთის პარლამენტი ცხინვალში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2 ივნისს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გადადგმულ ნაბიჯებს.


განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონაში დამატებითი ჯარების შეყვანის თაობაზე “ძალის დემონსტრირება იყო“.


რუს კანონმდებელთა განცხადებით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები “ეჭვის ქვეშ აყენებს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გულწრფელობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე“.


31 მაისს საქართველოს შინაგანი ჯარის 300-მდე ჯარისკაცი კონფლიქტის ზონაში იქნა გაგზავნილი იმ ქართული პოლიციის საგუშაგოების დაცვის მოტივით, რომლებიც რეგიონში ფართოდ გავრცელებული კონტრაბანდის აღსაკვეთად იქნა შექმნილი.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე დაგმო ეს ნაბიჯი და თბილისი „პროვოკაციული ნაბიჯების“ გადადგმასა და დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა. 

მსგავსი/Related

Back to top button