ახალი ამბები

მოსკოვი და თბილისი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხს განიხილავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ 4 ივნისს დაადასტურა, რომ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის საკითხი  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროს იქნა განხილული.   


“წინადადება ითვალისწინებს სამხედრო ბაზების გამოყვანის შემდეგ დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის მიზნით გამოყენებას “, განაცხადა იაკოვენკომ.


“თუმცა ჯერ-ჯერობით წინადადება იდეის დონეზეა და შემდგომ დახვეწას საჭიროებს. ამიტომ, დეტალებზე საუბარი ცოტა რთულია“, დასძინა მან.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა შესთავაზა რუსეთს საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის სანაცვლოდ.


“ვფიქრობ ნოვატორული, უფრო მეტიც, რევოლუციური მიდგომაა საჭირო ამ პრობლემის უმოკლეს ვადაში მოსაგვარებლად“, განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „იტარ-ტასს“ 4 ივნისს.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ 31 მაისს მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც რუსულ მხარეს სთავაზობს სამხედრო საკითხებზე მოლაპარაკებები თბილისში 10-11 ივნისს გაიმართოს. თუმცა, საქართველოს საგარეო უწყებას ჯერ მოსკოვიდან პასუხი არ მიუღია.

მსგავსი/Related

Back to top button