ახალი ამბები

ქართული დელეგაცია ცხინვალში მოლაპარაკებებს მართავს

ცხინვალის რეგიონში დღეს დახურულ კარს მიღმა ოთხმრივი საკონტროლო კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული მხრიდან სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გოგა ხაინდრავა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი დაესწრნენ. ოსურ მხარეს კი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ბროის ჩოჩიევი წარმოადგენდა.
 
ოთხმრივი შეხვედრის ჩატარება  დღეს თბილისში იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა საკუთარი წარმომადგენლის თბილისში გამოგზავნაზე, ქართული დელეგაცია თავად გაემგზავრა ცხინვალის რეგიონში.
 
ქართული მხარე ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან მოითხოვს იმ მიზეზების გარკვევას, თუ რამ განაპირობა თბილისში ჩამოსვლაზე ოსური მხარის უარი და ასევე 1 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მეუღლის სანდრა რულოვსის ცხინვალის რეგიონში არ შეშვება. ეს საკითხები შეხვედრაზე გოგა ხაინდრავამ დააყენა.
 
ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ქართული მხარე ასევე აპირებს დააყენოს საკითხი თავისუფალი გადაადგილებისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი და ქართველი ეროვნების მოსახლეობისთვის პენსიების გაცემის შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button