ახალი ამბები

ერაყში სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა

ერაყში მყოფი ქართული სამშვიდობო სამხედრო შენაერთის დისლოცირების ადგილზე კოალიციური ძალების ვორხორზის სამხედრო ბაზაზე, 2 ივნისს დაახლოებით 15:05 წუთზე განხორციელდა შეტევა. ბატალიონის განლაგების ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად დაჭრილია სამი ქართველი სამხედრო – ოთარ გაბიაშვილი, ზურაბ ჩაჩანიძე და გოჩა ზურაბიანი.
 
ამის შესახებ ინფორმაცია  თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
“არსებული ინფორმაციით სამივე სამხედრო პირი მსუბუქად დაიჭრა, არც ერთი ჭრილობა არ არის გამჭოლი და სიცოცხლისათვის საზიანო. მათ უკვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება და გადაყვანილი არიან შტაბში“, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
 
“წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით გაწვრთნილი  მე-16 სამთობატალიონის 159 ჯარისკაცი ერაყში სამშვიდობო მისიით 7 აპრილს გაემგზავრა.  


 

მსგავსი/Related

Back to top button