ახალი ამბები

ბურჯანაძე აღშფოთებულია სანდრა რულოვსის ცხინვალის რეგიონში არ შეშვების გამო

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აღშფოთებას გამოთქვამს 1 ივნისს ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის სანდრა რულოვსის არშეშვების გამო და აცხადებს, რომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.


საქართველოს პირველი ლედი სანდრა რუსლოვსი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კი სოფელ თამარაშენში ადგილობრივ მოსახლეობასთან და ბავშვებთან შეხვედრას გეგმავდა, თუმცა იგი საზღვარზე არ შეუშვეს. მოგვიანებით სანდრა რუსლოვმა ვერტმფრენით მაინც შეძლო თამარაშენში ჩასვლა და მცირე მასშტაბის ღონისძიების გამართვა.
 
„აღმაშფოთებელი ფაქტია ის, რომ სანდრა რულოვსი, რომელიც რეგიონში ჰუმანიტარული მისიით ჩაიდოდა, არ შეუშვეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ომის დაწყებას, რადგან ჩვენ ვცდილობთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
 
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება შეაშინა პრეზიდენტის განცხადებამ, რომელიც ოსი თანამოქალაქეების სოციალურ დაცვას ეხებოდა და კონტრაბანდასთან ბრძოლის დაწყებამ.


“კონტრაბანდული გზების ჩაკეტვამ, რომელიც ერთნაირად აზარალებს, როგორც ოს, ისე ქართველ მოსახლეობას, შემოსავლის წყაროები გადაუკეტა დაინტერესებულ ჯგუფებს და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე მწვავე რეაქციები სწორედ ამით აიხსნება”, აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, “უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ოს ხალხთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა”.

მსგავსი/Related

Back to top button