ახალი ამბები

ბურჯანაძე ქართველ ბიზნესმენთა სათათბიროს შექმნის იდეით გამოდის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ქართველ ბიზნესმენებს საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობას სთავაზობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მისაღწევად.


“ყველა ქართველ ბიზნესმენს და მეწარმეს მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ. გამოვდივარ ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას ქართველ მეწარმეთა სათათბირო ორგანო, რომელიც ორი თვის განმავლობაში იმუშავებს ქვეყანაში უკეთესი საინვესტიციო კლიმატის შექმნაზე“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივ ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 28-29 მაისს თბილისში გაიმართა და რომელსაც კონკრეტული საქმეების დაწყებით გაგრძელება უნდა მოჰყვეს.


“საკანონმდებლო ორგანო თავის თავზე იღებს  ნორმალური საკანონმდებლო  ბაზის შექმნას, რათა შეიქმნას ლიბერალური საინვესტიციო გარემო, დაიწყოს ეკონომიკური წინსვლა და ბიზნესის ხელისშემშლელი ბიუროკრატიული ბარიერები მოიშალოს. ამაში კი ქართველ ბიზნესმენთა დახმარება გვესაჭიროება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


ბიზნესმენთა სათათბირო ორგანო მუშაობას ორშაბათიდან შეუდგება, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობაც იქნება.


“უცხოელი ინვესტორები პირველ რიგში ივნესტიციების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებით ინტერესდებიან, ჩვენ უნდა შევუქმნათ მათ ამგვარი გარანტიები”, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ეკონომიკის ახალი მინისტრის, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის კახა ბენდუქიძის დანიშვნაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ პროფესიონალი კადრებით მთავრობის დაკომპლექტება დადებით შედეგს გამოიღებს ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის. “მოხარული ვიქნები, თუ იგი აქტიურად ითანამშრომლებს პარლამენტთან”, დასძინა ბურჯანაძემ.


 

მსგავსი/Related

Back to top button