ახალი ამბები

ონოფრიშვილი ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მომოსვლის აღდგენაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი საქართველოს პრეზიდენტის დავალებას ასრულებს და ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისათვის სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დღეს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.


“სარკინიგზო მიმოსვლა ამჟამად გორის რაიონის სოფელ ნიქოზამდე ხორციელდება, ცხინვალის რეგიონამდე სულ 4-5 კილომეტრის სარკინიგზო მონაკვეთია აღსადგენი, რაზეც სამუშაოები ამ დღეებში დაიწყება.  ეს მოსახლეობას გადაადგილებას გაუადვილებს“, განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ონოფრიშვილმა.


მისი თქმით, რკინიგზის დეპარტამენტი უკვე დაუკავშირდა ცხინვალის რკინიგზის სადგურის წარმომადგენლებს. „ჩვენ იქ მომუშავე პირებს რკინიგზის დეპარტამნეტში დავასაქმებთ და  ხელფასებს გადავუხდით“ , დასძინა დავით ონოფრიშვილმა, რომელიც ცხინვალის რეგიონში 3 ივნისს გაემგზავრება ტექნიკურ პერსონალთან ერთად და ადგილზე შეისწავლის რკინიგზის აღდგენისთვის საჭირო დეტალებს.


ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს რკინიგზის დეპარტამენტის ადმინისტრაცია. დავით ონოფრიშვილის განმარტებით, უსაფრთხოების დაცვა უკვე სხვა სტრუქტურის კომპეტენციაა.


ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მომოსვლა 1992 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის შემდეგ შეწყდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რკინიგზის აღდგენის შესახებ განცხადება 31 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

მსგავსი/Related

Back to top button