ახალი ამბები

ჟვანია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აპროტესტებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია არაადექვატურს უწოდებს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მას  უსაფუძვლოდ მიიჩნევს.


“რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. მინდა განვაცხადო, რომ საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებას დაამყაროს წესრიგი და აღკვეთოს კონტრაბანდა. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამას საჭიროდ ჩავთვლით“, განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ.


მისი თქმით, ასევე საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუ რა ძალებს გამოიყენებს ვითარების დასარეგულირებლად საკუთარ ტერიტორიაზე. “რუსების აღშფოთება უმართებულოა იმასთან დაკავშირებით, რომ კონფლიქტის ზონაში შეყვანილი იქნა „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამით მომზადებული სამხედრო შენაერთები. ესეც ჩვენი გადასაწყვეტია“, აცხადებს ჟვანია.


ზურაბ ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 1 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აფრთხილებს თბილისს, რომ „პროვოკაციულმა ნაბიჯებმა შესაძლოა უკიდურესად ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს“.


„მიუხედავად თბილისის განცხადებებისა, რამდენიმე პროვოკაციულ ქმედებას მაინც აქვს ადგილი კონფლიქტის ზონაში, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ იქნა ინიცირებული“, ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.


მოსკოვმა ასევე გააფრთხილა თბილისი, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი სიტუაციის გაუარესებასა და „სისხლისღვრაზე“  რეგიონში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის ვიზიტი კონფლიქტის ზონაში.


სანდრა რულოვსს, რომელიც 1 ივნისს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ქართულ სოფლებს ეწვია, იქ ვეტმფრენით მოუხდა ჩასვლა, რადგანაც ოსურმა მხარემ იგი რეგიონში საავტომობილო გზით არ შეუშვა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლო დღეებში უკვე მეორედ გააკეთა განცხადება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 31 მაისს მოსკოვმა ასევე გამოხატა შეშფოთება საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილების კონფლიქტის ზონაში შეყვანის გამო.   
 

მსგავსი/Related

Back to top button