ახალი ამბები

ზუგდიდის ციხიდან პატიმართა გაქცევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

ზუგდიდის საპყრობილედან ხუთი პატიმრის გაქცევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1 ივნისს 22 საათზე ერთ-ერთმა პატიმარმა მოითხოვა სამედიცინო პერსონალის გამოძახება, რის შემდეგაც საკანში შესული 2 ექიმი ხუთი პატიმრის მიერ მძევლად იქნა აყვანილი. სამედიცინო პერსონალის გარდა მძევლად დამატებით ექვსი პატიმარიც აიყვანეს.
 
პატიმრები ციხიდან გასვლას, ავტომანქანას და უსაფრთხო გადაადგილებას ითხოვდნენ. ციხის ეზოში პატიმრების შეჩერება ციხის გუშაგებმა სცადეს, მაგრამ პატიმრებმა მათ ცეცხლი გაუხსნენ. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა საპყობილის ერთი თანამშრომელი, ორი ექიმი და ერთი მძევალი პატიმარი.
 
ვითარების დასარეგულირებლად ადგილზე იქნა მობილიზებული შინაგანი ჯარის ნაწილები და პოლიციის შენაერთები. ადგილზე ჩავიდნენ იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილი და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.
 
ექვსსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პატიმრები ციხის ადმინისტრაციას ჩაბარდნენ. პატიმრების დაკავების შემდეგ ამოღებული იქნა ორი მაკაროვის ტიპის პისტოლეტი, სამი ხელყუმბარა. ამჟამად მიმდინარეობს ძიება.

მსგავსი/Related

Back to top button