ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი ძალების შეყვანის თაობაზე.


“ამგვარი ქმედებები არ უწყობს ხელს რუსულ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. ისინი აუფასურებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების თაობაზე“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.


დაძაბულობა კონფლიქტის ზონაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ შიდა ქართლში, ტყვიავის საგუშაგოს დასაცავად დამატებითი ჯარები გაგზავნა. 


გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთი სამშვიდობო ძალების მეთაურმა საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა და ამისათვის ძალის გამოყენებითაც დაიმუქრა. თბილისის განცხადებით, საგუშაგოს შექმნის მიზანი კონტრაბანდასთან ბრძოლა იყო.


“რუსეთი მხარს უჭერს ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლას, თუმცა ვარაუდობს, რომ ამ საბაბით განხორციელებული ძალისმიერი ქმედებები მხოლოდ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს“, ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ “2 ივნისს დაგეგმილი შერეული საკონტროლი კომისიის სხდომა გარკვეულწილად დაეხმარება მხარეებს ამგვარი ინციდენტების თავიდან აცილებაში“. 

მსგავსი/Related

Back to top button