ახალი ამბები

თბილისი სამხრეთ ოსეთს შემრიგებლურ პოლიტიკას სთავაზობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 31 მაისს გამართულ ბრიფინგზე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოსახლეობას მთელი რიგი სოციალური პრივილეგიები შესთავაზა, რომლებიც რეგიონთან შერიგებას ისახავს მიზნად.


“ჩვენ კონკრეტული წინადადებები გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სარკინიგზო მიმოსვლა ცხინვალთან ერთი კვირის ვადაში. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის, არამედ დანარჩენი საქართველოსთვისაც“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ივნისის თვიდან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პენსიებს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს.


“სამხრეთ ოსეთში მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მათზე. მე უკვე გავეცი ბრძანება, რომ დაიწყოს პენსიების გაცემა რეგიონის, როგორც ოს, ასევე ქართველ მოსახლეობაზე“, დასძინა სააკაშვილმა.


მან ასევე დააყენა წინადადება  ცხინვალსა და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებში უფასო სასწრაფო დახმარების შემოღების თაობაზე. “ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


“ჩვენ ასევე უნდა მოვამარაგოთ ადგილობრივი [ოსური და ქართული] მოსახლეობა უფასო სასუქებით, როგორც ეს საქართველოს სხვა რეგიონებში ხდება“, აღნიშნა სააკაშვილმა.


მისი თქმით, უახლოეს დღეებში გორის ადგილობრივი ტელევიზია დაიწყებს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის ოსურ ენაზე ახალი პროგრამების გამოშვებას.


“მოგვიანებით ჩვენ საქართველოს პირველ არხზე შესაძლოა დავაფუძნოთ საინფორმაციო გადაცემა ოსურ ენაზე. ამგვარად, ჩვენ თანამემამულეებს ოსეთში ექნებათ საშუალება საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია თავიანთ ენაზე მიიღონ”, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 1992 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალდა როგორც ქართული, ასევე ოსი მოსახლეობა.


“ძალიან კარგად მახსოვს კეხვის ტრაგედია, როდესაც ათობით ოსი მოქალაქე სასტიკად აწამეს და მოკლეს. გენერალურ პროკურორს [ირაკლი ოქრუაშვილს]  ნაბრძანები აქვს ამ ტრაგედიის გამოძიება. ყველა, ვინც ამ ინციდენტის უკან დგას, უნდა დაისაჯოს“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button