ახალი ამბები

საქართველოს რუსული კაპიტალის აღარ ეშინია







რუსეთის ეკონომიკის მინისტრი გერმან გრეფი,
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ფორუმზე

საქართველოს ხელისუფლება რუსულ ბიზნესს ფართოდ უღებს კარს იმის მტკიცებით, რომ “ინვესტიციებს ეროვნება არ გააჩნია“. რუსეთში მოღვაწე ასამდე წამყვანი ბიზნესმენი 28-29 მაისს თბილისში გამართულ ფორუმზე საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივებს განიხილავენ.


“აქ წარმოდგენილი ბიზნესმენები საერთო ჯამში დაახლოებით 20-25 მილიარდ დოლარს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს თანხა მთლიანად საქართველოში ჩაიდება, თუმცა იმაზე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები შეიძლება განხორციელდეს“, აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია.


ენერგეტიკა, ტრანსპორტი, საბანკო სისტემა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა – ეს ის დარგებია, რომლებშიც რუს ბიზნესმენებს ქართული მხარე სთავაზობს ინვესტიციების განხორციელებას.


თუმცა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ინვესტიციების მოზიდვა არ ნიშნავს, რომ მოხდება სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების პრივატიზაცია.


“საუბარია ნავთობგადამამუშავებელ მრეწველობაზე, ჭიათურმანგანუმზე, ზესტაფონის ფეროშენადნობ და რუსთავის მეტალურგიულ ქარხნებზე, სადაც ინვესტიციების ჩადება თავად რუსი ბიზნესმენებისთვისაც იქნება წარმატებული“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ირაკლი რეხვიაშვილმა.


როგორც გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებელია საქართველოში 5-6 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსული კაპიტალი ჩაიდოს.


რუსი ბიზნესმენები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყების მომხრე არიან იმ შემთხვევაში, თუ გაუმჯობესდება ბიზნესგარემო და შეიცვლება საგადასახადო პოლიტიკა, რისი ნიშნებიც, მათივე განცხადებით, უკვე სახეზეა.


“არანაირი ინვესტიცია არ იქნება, თუ არ იქნა გამჭვირვალე საგადასახადო კოდექსი და დაბალი გადასახადები“, განაცხადა რუსეთის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა, რომელიც რუს ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობს კონფერენციაში.


საქართველოს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის  განცხადებებით, მთავრობას უკვე დაწყებული აქვს მუშაობა საგადასახადო და საბაჟო  სისტემების ლიბერელიზაციაზე, რაც  დაადასტურა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმაც, რომლის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობა ივნისის თვეში დასრულდება და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. ახალი საგადასახადო კონცეფციის მიხედვით 21 გადასახადიდან მხოლოდ 7 დარჩება.


რუსი ბიზნესმენების განსაკუთრებული ინტერესი ენერგეტიკის სფერომ გამოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ  ენერგეტიკის სამინისტროში შემუშავებულია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს  საქართველოს გავლით რუსეთ-თურქეთის ელექტორგადამცემი ხაზის მშენებლობას. რუსული კაპიტალის მონაწილეობითვე მოხდება ენგურჰესის რეაბილიტაცია. ასევე საუბარია ხუდონჰესის მშენებლობაზეც.


“შეიძლება შეიქმნას ენერგეტიკის დარგში მომუშავე ერთობლივი საწარმოები. ასევე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც რუსეთს თურქეთთან დააკავშირებს  საქართველოს გავლით და თურქეთს 5 მილიარდი კვტ საათის ელექტროენერგია მიეწოდება“, განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა. 


რუსეთის მხარემ დიდი დაინტერესება გამოთქვა სარკინიგზო მიმოსვლის მიმართ, რაც თავის მხრივ აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას უკავშირდება. რუსი ბიზნესმენების ინტერესის საგანი, ასევე, იყო აფხაზეთში კაპიტალის დაბანდება.


საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეფექტური ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით გაცილებით ადვილი იქნება აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, “აფხაზეთის დაბრუნების გასაღები ეკონომიკის განვითარებაში დევს”.


რუსულ-ქართული ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს საგრძნობლად დამთბარი ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს.


აღსანიშნავია, რომ 28 მაისს საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრებმა, ირაკლი რეხვიაშვილმა და გერმან გრეფმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველო თანხმობას აცხადებს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანებასთან დაკავშირებით.


სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თბილისი რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე ვეტოს ადებდა.


“დღევანდელი შეხვედრით დასტურდება ის, რომ საქართველო-რუსეთს შორის ახალი მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო. ადრე საქართველო არ იყო სტაბილური ქვეყანა, მაგრამ ახლა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ვითარება გამოსწორდეს და ქვეყანა უცხოელ  ინვესტორთათვის უფრო მიმზიდევლი გახდეს. რატომ რუსეთი? გიპასუხებთ, რომ ჩვენ ბევრი გავქვს საერთო და დიდი გამოცდილება  საქმის ერთად  კეთების. რუსული კაპიტალი უფრო ხელმისაწვდომია და ამასთანავე, რუსებთან მუშაობა უფრო ადვილიც არის. გარწმუნებთ, რომ თითოეული ინვესტორის ინტერესების დამცველი პირადად მე ვიქნები“, განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


როცა სააკაშვილი აცხადებს, რომ „ინვესტიციებს ეროვნება არ გააჩნია,“ მიანიშნებს იმაზეც, რომ საქართველოს კარი დასავლური ინვესტიციებისთვისაც ღიაა.


„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ისე ქართველებისთვის, საუბარია ენერგეტიკაზე, ენგუჰესის, თბილსრესის, ასევე სხვა მცირე ჰესების რეაბილიტაციაზე, ენერგეტიკის სფეროში პარალელურ რეჟიმში მუშაობაზე. არ შეიძლება საქართველოს ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, კერძოდ კი ენერგეტიკაში, რაშიც ამჟამად იმყოფება. პოლიტიკური სუვერენიტეტი ეს შეიძლება, ეკონომიკური სუვერენიტეტი კი აბსურდია, ჩვენ ერთად ცხოვრება გვიწევს და ძალიან ბევრი გავქვს საერთო“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბარში რუსეთის ფედერაციის მრეწველთა კავშირის პრეზიდენტმა არკადი ვოლსკიმ.
 
„არაფერი ახალი იმაშინ არ არის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რუსული ბაზარი და ინვესტიციები. ამ წელს ვფიქრობთ სხვადასხვა საწარმოების პრივატიზებას და მოხარული ვიქნებით რუსული ინვესტიციების ხილვის. ასევე უნდა მოხდეს, იმ ძველი საწარმოების აღდგენა-ამუშავება, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დიდ როლს ასრულებდა ეკონომიკური თვალსაზრისით“, განაცხადა „სივილ ჯორჯიასთან“ საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.


უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსი ინვესტორების მიერ დიდი ინტერესის მიუხედავად, ინვესტიციების ჩადება ქართულ ბაზარზე არ მომხდარა. თუმცა გასულ წელს რუსულმა ენერგო კომპანია “რაო-ეესმა“ ამერიკული კომპანია ”ეი-ი-ესისგან“ შეისყიდა თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი “თელასი.“ ასევე, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია “იტერა“, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში გაზის ერთადერთი მომწოდებლი კომპანია იყო, სს “აზოტის“ მფლობელია და საწარმოში ჩადებული აქვს 4 მლნ დოლარის ინვესტიცია.


აღსანიშნავია, რომ ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რუსეთის ენერგოკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოშვების თაობაზე, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამჟამად ყოფილი ოპოზიციუნერები ქვეყნის სათავეში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ რუსული კაპიტალი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან მას საქართველო უკვე მომზადებული ხვდება.

მსგავსი/Related

Back to top button