ახალი ამბები

რუსი ექსპერტები საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებაში დაეხმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 28 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს ექსპერტები საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავებაში დაეხმარებიან.


“ახალი საგადასახადო კოდექსი ბევრად უფრო ლიბერალური იქნება გადასახადების რაოდენობისა და საგადასახადო განაკვეთების შემცირების ხარჯზე“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 28 მაისს.


მისი განცხადებით, რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ დმიტრიევი თბილისში ჩამოვა, რათა დაეხმაროს საქართველოს ახალი კოდექსის შემუშავებაში.


საქართველოში მყოფმა ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა განაცხადა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი ხელს შეუწყობს რუსული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში.


იმ პრიორიტეტულ სფეროებს შორის, რომლებშიც შესაძლოა რუსული ინვესტიციები ჩაიდოს, მინისტრმა ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროები დაასახელა.


ასამდე წამყვანი რუსი ბიზნესმენი 27 მაისს თბილისში ჩამოვიდა, სადაც რუსულ-ქართულ ბიზნეს ფორუმზე საინვესტიციო პროექტები განიხილება.   


 

Back to top button