
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავოს
რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა თბილისში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების განვითარებას.
მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებიდან გერმან გრეფმა სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობა გამოყო, რაც ბიზნესის განვითარების გზაზე ბარიერების მოხსნას გულისხმობს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას რუსეთსა და საქართველოს შორის“, განაცხადა გერმან გრეფმა ფორუმზე.
„ჩვენი ქვეყანა დინამიურად ვითარდება. ყველა კარი ღიაა ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენი მხარე დაინტერესებულია ინვესტიციების, მათ შორის რუსული კაპიტალის მოზიდვით“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 28 მაისს ფორუმზე გამოსვლისას.
რუსეთის დაახლოებით ასამდე წამყვანი ბიზნესმენი საქართველოში 28-29 მაისს დაგეგმილ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს ბიზნესთან დაკავშირებული ყველაზე ფართომასშტაბიანი შეხვედრაა, რომელიც ოდესმე გამართულა ქვეყანაში.