skip to content
ახალი ამბები

საქართველო რუსული ინვესტიციების მოლოდინში

რუსეთის დაახლოებით ასამდე წამყვანი ბიზნესმენი საქართველოში 28-29 მაისს დაგეგმილ რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმზე საინვესტიციო პროექტებს განიხილავს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს ბიზნესთან დაკავშირებული ყველაზე ფართომასშტაბიანი შეხვედრაა, რომელიც ოდესმე გამართულა ქვეყანაში.


“რუსი ბიზნესმენები მზად არიან მილიარდები ჩადონ საქართველოში“, განუცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა ჟურნალისტებს, 27 მაისს თბილისში ჩამოსვლისას.


„რუსი ბიზნესმენები საქართველოში კონკრეტული საინვესტიციო პროექტებით ჩამოვიდნენ; ბევრი მათგანი ჩვენთვის მისაღებია, ზოგიერთი კი განხილვას საჭიროებს“, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა 24-26 მაისს.


საინვესტიციო პროექტების დეტალები ფორუმის მსვლელობისას გახდება ცნობილი.


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუს ბიზნესმენებს საქართველოში, კერძოდ აჭარაში, ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.


მან განაცხადა, რომ „ბიზნესს ეროვნულობა არ გააჩნია“, რითიც მიანიშნა, რომ საქართველოს ბაზარი ღიაა როგორც რუსული, ასევე დასავლური ინვესტიციებისთვის. სანაცვლოდ, საქართველოს ხელისუფლება ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას პირდება მათ.


ბიზნეს-ფორუმის დეტალები ზურაბ ჟვანიას მოსკოვში ვიზიტის დროს იქნა შეთანხმებული. ვიზიტის დასრულების შემდეგ ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ ფრადკოვმა თავის ქართველ კოლეგასთან 25 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ მოამზადა ხელშეკრულება ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, მიხეილ ფრადკოვმა აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს საქართველოსთვის ენერგომომარაგების ზრდის და რუსი ექსპერტების საქართველოს ენერგოობიექტების რეაბილიტაციაში მონაწილეობის საკითხები.


„ჩვენ ასევე განვიხილეთ ერთობლივი საწარმოების შექმნის შესაძლებლობაც, ასევე ტრანსპორტისა და ნავთობის ბიზნესში ინვესტიციების განხორციელების პერსპექტივები“, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.


„დარწმუნებულები ვართ, რომ რუსულ ინვესტიციებს დიდი მომავალი აქვთ საქართველოში“, განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების შემდეგ.


რუსეთმა უკვე განახორციელა ინვესტიციები საქართველოს ენერგოსექტორში. გასულ წელს რუსეთის ორმა მსხვილმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ და „რაო ეეს“-მა საქართველოს ენერგობაზარზე მოიკიდა ფეხი.


ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რუსეთის ენერგოკომპანიების საქართველოს ბაზარზე შემოშვების თაობაზე ოპოზიციური ლიდერების მწვავე კრიტიკა მოყვა.


საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ხელსაყრელ პირობებს უქმნის უცხოელ ინვესტორებს და არანაირ პრივილეგიებს არ ანიჭებს ადგილობრივ ბიზნესმენებს. თუმცა, დამოუკიდებელ ექსპერტთა განცხადებით, არსებული საგადასახადო კოდექსი ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აბრკოლებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button