ახალი ამბები

აშშ საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებაში ეხმარება

აშშ-ის გადამდგარ სამხედრო ოფიცერთა ჯგუფი საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და შეიარაღებული ძალების გენშტაბს თავდაცვის სისტემის რესტრუქტურიზაციასა და რეფორმირებაში ეხმარება.    


14-კაციანი ამერიკელ სამხედრო ექსპერთა ჯგუფის დამქირავებელია ამერიკული კერძო ფირმა Cubic Applications International. 


“ისინი მუშაობენ საქართველოს თავდაცვის სამინიტროსა და გენერალურ შტაბთან, როგორც კონსულტანტები და მათ სტრუქტურის რაციონალიზების მიზნით რეკომენდაციებს აძლევენ “, განუცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს 27 მაისს.


პროგრამის ღირებულება 3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პენტაგონს ამერიკულ კერძო ფირმასთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომელიც მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად განახლდება.


„ისინი [აშშ-ის სამხედრო ექსპერტები] საქართველოში დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში იმუშავებენ, თუმცა კონტრაქტი ყოველწლიურად უნდა განახლდეს“,  განაცხადა მაიორმა პეტერსონმა, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა.


მისი განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანია „დასავლური, მათ შორის ნატოს, სისტემების დანერგვა“ ქართულ არმიაში.


„ისინი [აშშ-ის სამხედრო ექსპერტები] მუშაობენ თავდაცვის სამინისტროსთან, გენშტაბსა და მე-11 ბრიგადასთან [ქართული არმიის საუკეთესოდ გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხედრო შენაერთი], ასევე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ ბატალიონებთან“, განაცხადა მაიორმა პეტერსონმა.


Cubic Applications International მჭიდროდ თანამშრომლობს ბრიტანეთის მრჩეველთა ჯგუფთან, რომელიც ასევე მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე განახორციელა წვრთნისა და აღჭურვის 64 მილიონი აშშ დოლარის  ღირებულების პროგრამა საქართველოში, რომელიც ბოლო ფაზაც 2004 წლის აპრილში დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გაიწრთვნა ქვეითთა ოთხი ბატალიონი და ერთი მექანიზირებული/ჯავშნოსანთა ასეული.


„წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დასრულდა, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან“, აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.


მისი განცხადებით, ამჟამად აშშ-ის მობილური ჯგუფი 210 ქართველ ოფიცერს ბატალიონის მართვის საკითხებში ამზადებს.


2004 წლის განმავლობაში აშშ 8 მობილურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომლებიც ბატალიონების პერსონალს მოამზადებენ და დახმარებას აღმოუჩენენ თავდაცვის სამინისტროს მე-11 ბრიგადას და „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში მომზადებულ შენაერთებს.        
  

Back to top button