ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე მსჯელობა ივნისში იგეგმება

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მხარეებს შორის  შეხვედრა ივნისის თვეში მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ „სივილ ჯორჯიას“ საქართველოს ელჩმა რუსეთში კოტე კემულარიამ განუცხადა.


“შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, რომლებიც სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხებზე მუშაობენ. საუბარია ვიზების გაცემის გამარტივებაზე, კერძოდ კი მოქალაქეებს შეეძლებათ ვიზების პირდაპირ აეროპორტებში აღება. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი და  საბოლოო ვარიანტის შეჯერება სწორედ მუშა ჯგუფების შეხვედრაზე მოხდება“, განაცხადა კოტე კემულარიამ.


მისი თქმით, ამ საკითხზე საუბარი იყო თებერვალში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსკოვში ვიზიტის დროს და ასევე პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 24-26 მაისის ვიზიტის დროსაც. „სავიზო რეჟიმის გამარტივებით  რუსეთიც  დაინტერესებულია“, განაცხადა კემულარიამ. 

Back to top button