
საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრები აფხაზეთზე საუბრობენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 25 მაისს მოსკოვში შეხვედრა გამართა რუს კოლეგასთან მიხეილ ფრადკოვთან. საუბრის მთავარი თემა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება იყო.
“აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში უნდა გადაწყდეს, ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს თავად აფხაზური მხარის ინტერესები”, იუწყებიან რუსული წყაროები პრემიერ მინისტრების შეხვედრის შემდეგ მიხეილ ფრადკოვის მიერ გაკეთებულ კომენტარზე დაყრდნობით.
ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ქართულმა მხარემ წარადგინა წინადადებები გალის რაიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნების შესახებ.
“ამ მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯს მოჰყვება აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ჟურნალისტებს.
24 მაისს ზურაბ ჟვანია შეხვდა რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელს გენადი ფადეევს, სადაც განიხილეს ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხი.
ამდენად, საქართველოს მხარე რკინიგზის აღდგენას პირდაპირ უკავშირებს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებას გალის რაიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.