
თავდაცვის სამინისტროში ხელფასები იზრდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 23 მაისს განაცხადა, რომ აგვისტოდან თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ხელფასები ხუთჯერ გაიზრდება.
„პირველი აგვისტოდან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო პერსონალის მინიმალური ხელფასი 100 ლარამდე გაიზრდება. ეს ხუთჯერ აღემატება ახლანდელ ანაზღაურებას“, განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 23 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 2005 წლიდან ოფიცრების მინიმალური ხელფასიც გაიზრდება. „ლეიტენანტები 400 ლარს მიიღებენ 2005 წლიდან“, დასძინა მან.
ამჟამად, „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის “ ფარგლებში მომზადებული ჯარისკაცები და ოფიცრები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც 200-300 აშშ დოლარს შეადგენს თვეში.
„სახელფასო დიფერენციაცია, რაც ამჟამად არმიაში არსებობს, აბსოლუტურად დაუშვებელია; სწორედ ამიტომ ვუზრდით ხელფასებს იმ ოფიცრებს და ჯარისკაცებს, რომელთაც არ გაუვლით მომზადება პროგრამის ფარგლებში“, განუცხადა ბეჟუაშვილმა ჟურნალისტებს.