
აჭარის სასტუმროები აუქციონზე გაიყიდება
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე დღეს ბათუმში იმყოფებიან. მათ აჭარაში იმ დასასვენებელი ობიექტების ნუსხა წარმოადგინეს, რომელთა პრივატიზება უახლოეს პერიოდში იგეგმება.
“ჩვენი ინტერესია, მოხდეს ამ ობიექტების ძვირად გაყიდვა და შემოვიდეს სერიოზული ინვესტიციები“, განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაშია ბათუმში მდებარე სასტუმრო “ინტურისტი”, ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი“, სასტუმრო “ივერია” ქობულეთში და სხვა.
რაც შეეხება ბათუმის პორტსა და აეროპორტის პრივატიზებას, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ამ მხრივ ვითარება უფრო რთულად არის. “საჭიროა ამ ობიექტების პრივატიზებისთვის იურიდიული საკითხების მოწესრიგება და მთელი რიგი სამართლებრივი საკითხების მოგვარება, რათა ახალ მეპატრონეს შემდგეომში არ შეექმნას პრობლემები“, დასძინა პრემიერ-მინისტრმა.
აჭარის სასტუმროებზე მიმდინარე კვირაში გამოცხადდება აუქციონი. ეკონომიკის მინისტრის კახა ბენდუქიძის თქმით, “ამ ობიექტებს შეიძენს ის, ვინც ბევრ ფულს გადაიხდის”.
ბათუმში გამართულ საპრივატიზაციო ნუსხის პრეზენტაციის ცერემონიალს ქართველი ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ.