
მმართველი პარტიის წევრი დეპუტატი დააკავეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა სამართალდამცავების მიერ დღეს პარლამენტის წევრის, „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წარმომადგენლის გიორგი კენჭაძის დაკავების ფაქტზე და განაცხადა, რომ იგი სასტიკად დაისჯება.
სააკაშვილის განცხადებით, კენჭაძემ 100,000 დოლარი მოსთხოვა აჭარელ ბიზნესმენს და თან დაემუქრა, რომ გადაუხდელობის შემთხვევაში გენერალური პროკურატურა მის საქმიანობას შეისწავლიდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 33 წლის დეპუტატი გიორგი კენჭაძე დღეს დილით იმ დროს დააკავეს, როდესაც გიორგი კენჭაძე ბიზნესმენისგან ფულს იღებდა.
სააკაშვილი ყველა ბიზნესმენისგან მოითხოვს ფულის გამოძალვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პროკურატურას. „ჩვენ არ შევურიგდებით თანხების გამოძალვის ფაქტებს და ნებისმიერი ასეთი პიროვნება უმკაცრესად დაისჯება. ეს არის ხელისუფლების პოზიცია – მუდმივად გაწმინდოს თავისი რიგები“, დასძინა პრეზიდენტმა.
“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი [დეპუტატი კენჭაძე] “ნაციონალური მოძრაობის” წევრია, თუმცა ჩვენ დავაპატიმრებთ და დავსჯით ყველა იმ პირს, რომელიც დანაშაულში იქნება მხილებული, მიუხედავად მათი თანამდებობისა”, განაცხადა სააკაშვილმა ბრიფინგზე.
“კენჭაძის შემთხვევა მაგალითი უნდა გახდეს ყველა თანამდებობის პირისათვის”, დასძინა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, როდესაც დეპუტატი კორუფციაში ამხილეს. “ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოში არის სხვა მთავრობა და სხვა პრეზიდენტი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა პარლამენტს კენჭაძის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე.
19 მაისს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანხმობა მისცა 20 მაისს პარლამენტის სხდომაზე კენჭაძის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე საკითხის განსახილვას.