ახალი ამბები

სამხრეთ კავკასიის პარლამენტების სპიკერებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, აზერბაიჯანის მინი მეჯლისის სპიკერმა მურთუზ ალესკეროვმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ არტურ ბაღდასარიანმა  18 მაისს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები გამართეს.


„ევროსტრუქტურებში შემდგომი ინტეგრაცია მასტიმულირებელი ფაქტორია სამხრეთ კავკასიისთვის“, განაცხადეს სამხრეთ კავკასიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა შეხვედრის დასასრულს, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პიტერ შიდერის ორგანიზებით მოეწყო.


პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ასამბლეის პარლამენტართა როლი კონკრეტული თანამშრომლობის პროგრამების განვითარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს კონტაქტების გაღრმავებასა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას რეგიონში.


ასამბლეის პრეზიდენტი და პარლამენტების თავმჯდომარეები ერთობლივად იმუშავებენ თანამშრომლობის კონკრეტულ წინადადებებზე, რომლებიც ასამბლეის ოქტომბრის სხდომაზე იქნება განხილული სამი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების მიერ. მომავალი სხდომის მზადების ფარგლებში ასამბლეის გენერალური მდივანი ივლისის დასაწყისში ბაქოში, თბილისსა და ერევანში გეგმავს ჩასვლას.  

Back to top button