ახალი ამბები

აშშ დადებითად აფასებს თავის საქმიანობას საქართველოში დემოკრატიის დაცვის საქმეში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 მაისს გამოაქვეყნა მოხსენება ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ 2003-2004 წლებში. 


მოხსენებაში გაშუქებულია აშშ-ის საქმიანობა, რომელიც ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისკენ იყო მიმართული იმ 101 ქვეყანაში , სადაც ადამიანთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.


მოხსენებაში საქართველოს ნოემბრის „ვარდების რევოლუცია“ აღწერილია, როგორც წარმატებული მოვლენა.


„ამგვარი დემოკრატიული წარმატების მოვლენები სამწუხაროდ ხშირი არ არის“, ნათქვამია მოხსენებაში. 


„აშშ-ის სტრატეგია დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების ხელშეწყობისათვის წარმოადგენს მუდმივი, მაღალი დონის დიპლომატიისა და დახმარების პროგრამების ერთობლიობას. დიპლომატიური და პროგრამული საქმიანობის კომბინაცია განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა საქართველოში პოსტ-საარჩევნო კრიზისის მოგვარების საქმეში. შეერთებული შტატები განაგრძობს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს შეუწყობს თავისუფალ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის ადამიანთა უფლებების დამცველ ჯგუფებს, დემოკრატიულ არჩევნებს, ეფექტურ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ღონისძიებებს“, ნათქვამია მოხსენებაში.


მოხსენებაში ასევე საუბარია აშშ-ის სპეციფიკური როლის თაობაზე დემოკრატიის ხელშეწყობისა და გამჭირვალეობის ზრდის საქმეში ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, რაც წინასაარჩევნო საქმიანობის დაფინანსებაში გამოიხატა.


„ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს იმ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ ადამიანთა უფლებებისა და  რელიგიური უმცირესობების დაცვას, ასევე ანტი-კორუფციული ღონისძიებების გატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, ნათქვამია მოხსენებაში.


 

Back to top button