ახალი ამბები

ბურჯანაძის განცხადებით, „ინციდენტი“ ევროპის საბჭოსთან ამოწურულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სტრასბურგიდან ტელეკომპანია „მზის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან „ინციდენტი ამოწურულია“.


„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი [სალომე ზურაბიშვილი] შეხვდა ბატონ შვიმერს, მე სატელეფონო საუბარი მქონდა მასთან, ასევე შევხვდი მას დღეს [17 მაისს] და ამ კონტაქტების შემდეგ არამართებულად მიმაჩნია ეს საკითხი კიდევ ერთხელ განვიხილოთ“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 17 მაისს. „ინციდენტი შვიმერთან ამოწურულია“, დასძინა მან.


ნინო ბურჯანაძე 17-19 მაისს სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა კონფერენციას ესწრება.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 2 მაისს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც ამ უკანასკნელმა თბილისსა და ბათუმს თანაბარი პასუხისმგებლობა დააკისრა აჭარის კრიზისის გამო.


მას შემდეგ, რაც აჭარის ყოფილმა მეთაურმა ასლან აბაშიძემ საქართველო დატოვა, თბილისმა მიანიშნა ევროპის საბჭოს, რომ გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პლამენ ნიკოლოვის გაწვევა სურდა საქართველოდან.


თუმცა, 12 მაისს სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილსა და ვალტერ შვიმერს შორის გამართული შეხვედრისას  საქართველოს მხარე პლამენ ნიკოლოვის გაწვევის საკითხს აღარ შეხებია.


15 მაისს რუმინეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიანიშნა, რომ საქართველო არ აპირებს მხარი დაუჭიროს ვალტერ შვიმერის კანდიდატურას ევროპის საბჭოს  გენერალური მდივნის მოახლოებულ არჩევნებზე.     



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button