ახალი ამბები

ომბუდსმენისა და კონტროლის პალატის ვაკანტური პოსტები მალე შეივსება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ სახალხო დამცველის სწაფ ვადებში დანიშნვა მოითხოვა. ეს თანამდებობა უკვე 9 თვეა, რაც თავისუფალია.


ოფიციალური ვერსიით, ომბუდსმენის დანიშვნა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გამო ფერხდება. არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტი” პარლამენტში წარსადგენად ამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც  ერთის მაგივრად ოთხი ომბუდსმენი იარსებებს და თითოეულ მათგანს სპეციალური ფუნქციები დაეკისრება.


“ჩვენ არ უნდა დაველოდოთ კანონის მიღებას, რომელიც ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს და მანამდე უნდა დავნიშნოთ ომბუდსმენი”, განაცხადა ელენე თევდორაძემ.


პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დაეთანხმა ომბუდსმენის დანიშვნას და აღნიშნა, რომ “ორ კვირაში ქვეყანას სახალხო დამცველთან ერთად ახალი კონტროლის პალატის  თავმჯდომარეც ეყოლება”.


კონტროლის პალატის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პრეროგატივა ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის. ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები კანდიდატურასთან დაკავშირებით.



 

Back to top button