ახალი ამბები

სოხუმი გალსა და კოდორში ვითარების გამწვავებას ელის

აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის ვიაჩესლავ ეშბას განცხადებით, ქართული მხარე გალის რაიონში „დესტაბილიზაციას“ გეგმავს.


„საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმი გალში სიტუაციის დესტაბილიზაციას გეგმავს. ამ მიზნით მათ გალის რაიონის ზღვისპირა დასახლებულ ზონებში იარაღი, ტყვია-წამალი, სახელმწიფო დროშები და საქართველოს პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] პორტრეტები შეაქვთ“,განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.


საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ვიაჩესლავ ეშბამ გაეროს მისიის მთავარ სამხედრო დამკვირვებელს კაზი აშფაკ აჰმედს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს ქართული ჯარების კოდორის ხეობაში მოსალოდნელი შეყვანის გამო.


„ნაცვლად იმისა, რომ ქართულმა მხარემ გაიყვანოს თავისი ჯარები კოდორიდან, როგორც ეს ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის 2002 წელს იქნა შეთანხმებული, ისინი, ვითომდა ანტი-კრიმინალური ოპერაციის მოტივით, დამატებითი ჯარების შეყვანას გეგმავენ კოდორში. სამხედრო დამკვირვებლებს მრავალჯერ უთქვამთ, რომ ქართულმა მხარემ შესაძლოა გამოიყენოს კოდორი, როგორც პლაცდარმი აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად“, განაცხადა ვიაჩესლავ ეშბამ.


იგი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ფაქტები არა მარტო ართულებს სიტუაციას, არამედ შესაძლოა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებიც გამოიწვიოს.


დე ფაქტო მინისტრი მოუწოდებს გაეროს მისიის სახედრო დამკვირვებელს აცნობოს გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში აფხაზური მხარის შეშფოთების თაობაზე და დახმარება აღმოუჩინოს რეგიონს სტაბილიზაციის შენარჩუნებაში.


 


 

Back to top button