
ასლან აბაშიძის ოპონენტი მოძრაობა”ჩვენი აჭარა” ფუნქციონირებას წყვეტს
აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის ოპონენტი პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ წყვეტს ფუნქციონირებას. ამის შესახებ „სივილ ჯორჯიას“ “ჩვენი აჭარა”-ს წევრმა გელა ვასაძემ აცნობა.
„სახალხო მოძრაობამ თავისი მისია შეასრულა, აჭარაში აღარ არის ასლან აბაშიძე და მისი რეჟიმი, აქედან გამომდინარე მისი ფუნქციონირების საჭიროებას ვერ ვხედავთ“, განაცხადა გელა ვასაძემ.
მისი თქმით, ამჟამად “ჩვენი აჭარა”-ს წევრები აჭარაში არჩევნების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. “თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რა ფორმით მოხდება ჩევნი არჩევნებში მონაწილეობა, „ნაციონალურ მოძრაობა – დემოკრატებთან“ ერთად თუ ცალკე“, დასძინა გელა ვასაძემ.
სახალხო მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ 2003 წლის 26 დეკემბერს დაფუძნდა. მისი მიზანი აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის შეცვლა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვა იყო. მოგვიანებით „ჩვენი აჭარა“-ს ასლან აბაშიძის ოპონენტი კიდევ ერთი მოძრაობა “დემოკრატიული აჭარა“ შეუერთდა, რომლის დამფუძნებელი „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წევრი, ამჟამად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ედვარდ სურმანიძე იყო. მოძრაობამ ორგანიზება გაუკეთა 5-6 მაისს ბათუმში საპროტესტო აქციებს.
პარტიის დამფუძნებელთა გარკვეული ნაწილი დღეს აჭარაში დროებითი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან.