ახალი ამბები

პარლამენტმა “ამბიციური” ბიუჯეტი დაამტკიცა

2004 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა  ხუთი თვის დაგვიანებით, 11 მაისს მიიღო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 161 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა 16-მა ოპოზიციონერმა პარლამენტარმა მისცა.

საკანონმდებლო ორგანოს რეკორდულად მცირე დროში მოუწია ბიუჯეტის განხილვა, ვინაიდან 26 მაისს სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს წინაშე საქართველო დამტკიცებული ბიუჯეტით უნდა წარსდგეს.

2004 წლის ბიუჯეტის პროექტს ექსპერტებმა უკვე უწოდეს “საკმაოდ ამბიციური” ბიუჯეტი, რადგანაც წინა წელთან შედარებით თითქმის ნახევარმილიარდიანი ზრდა არის გათვალისწინებული. 2004 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში შემოსავლების ნაწილი 1,7 მილიარდზე მეტ ლარს შეადგენს, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 1,4 მილიარდ ლარს აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,6%-ით არის განსაზღვრული.

საპარლამენტო განხილვების შემდეგ ბიუჯეტის პარამეტრებმა მცირე ცვლილება განიცადა და როგორც ხარჯვით, ისე საშემოსავლო ნაწილში 3,5 მილიონი ლარით გაიზარდა. მთავრობამ დეპუტატების 147 შენიშნვიდან 80-მდე შენიშვნა გაითვალისწინა.

“ნორმალურია და პარლამენტის ხარისხზე მიუთითებს ის კრიტიკული შეფასებები, რომელიც ბიუჯეტის მიმართ გამოითქვა, მთავრობამ და პარლამენტმა კონსტრუქციულად ითანამშრომლეს ბიუჯეტის გაკეთილშობილების მიზნით”, განუცხადა “სივილ ჯორიჯიას” საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტში ხარჯები არ იყო გაწერილი დეტალურად, თუმცა “მთავრობამ ეს ხარვეზი გამოასწორა და ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე და გასაგები გახდა”.

თუმცა “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელი დავით საგანელიძე სწორედ ბიუჯეტის ბუნდოვანი ჩანაწერების მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, “ბიუჯეტში არ ჩანს სტრატეგია, თუ რა პრიორიტეტები აქვს ქვეყანას 2004 წელს, არ არის გაწერილი დეტალურად, თუ რაში იხარჯება კონკრეტული პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხები”


ბიუჯეტი უპრეცედენტოა იმ კუთხით, რომ შემოსავლების მეოთხედი – 521 მილიონი ლარი – საგარეო წყაროებით ფორმირდება. ამდენად, 2004 წლის განმავლობაში მთავრობას ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაცია საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე მოუწევს, რათა უცხოური დახმარებების მიღებას პრობლემები არ შეექმნას.


“ბიუჯეტის შესრულებისას ერთადერთი პრობლემა შეიძლება გახდეს 521 მილიონი ლარი, რომელიც ქვეყანამ უცხოური გრანტებისა და შეღავათიანი სესხების სახით უნდა მიიღოს”, აღნიშნა გოცირიძემ.


ბიუჯეტში გამოკვეთილია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა დაფინანსებაზე სხვა სფეროებთან შედარებით მეტი თანხებია გათვალისიწნებული. ესენია  – სოციალური სფერო, ჯანდაცვა, განათლება და ენერგეტიკა. ასევე პრიორიტეტულად არის გამოცხადებული თავდაცვისა და უშიშროების სფეროები, თუმცა თავდაცვის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მხოლოდ 3,5 მილიონი ლარით გაიზარდა და 78 მილიონი ლარი შეადგენა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ რეალურად შარშან თავდაცვით ხარჯებზე მხოლოდ 58 მილიონი დაიხარჯა.


“თავდაცვის სამინისტროსათვის ბიუჯეტში პრაქტიკულად იმდენივეა გამოყოფილი, რაც 2003 წლის ბიუჯეტით იყო დამტკიცებული, არადა თავდაცვისუნარიანობის ამაღლება ქვეყნის რეალურ პრიორიტეტად უნდა იქცეს, რაზეც თავად პრეზიდენტ სააკაშვილსაც არა ერთხელ უსაუბრია” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფრაქცია “მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენელმა დავით საგანელიძემ.


ბიუჯეტის მიმართ ოპოზიციის კრიტიკის ძირითადი ორიენტირი საპენსიო საკითხები იყო. მთავრობამ არ გაითვალისწინა დეპუტატების შენიშვნები და 2004 წლის ბიუჯეტში ძალაში დატოვა მინისტრთა კაბინეტის 19 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პენსიებზე 4 ლარიანი დანამატით რიგ შემთხვევებში პენსიების გაზრდას და რიგ შემთხვევებში დავალიანების დაფარვას ითვალისიწნებს. ანუ იმ პენსიონერებს, რომელთა მიმართ სახელმწიფოს დავალიანება გააჩნია, დამატებული 4 ლარის სახით ძველი ვალები დაეფარებათ.


2004 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს წლების მანძილზე დაგროვილი საპენსიო და სახელფასო დავალიანებების 95 მილიონი ლარის ფარგლებში დაფარვას.


“ეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა, რადგან ხელისუფლება პენსიონერებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.


ასევე, მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით პარლამენტმა მიიღო მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის პენსიების 50%-იანი ზრდის 2005 წლამდე გადავადების გადაწყვეტილება. არადა, ეს ინიციატივა, რომელსაც 6,5 მილიონი ლარი ჭირდებოდა, წელს უნდა შესულიყო ძალაში. 


“სოციალურად ორიენტირებულ” ბიუჯეტში გათვალისიწნებული არ არის მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდა, რაც დღევანდელი ხელისუფლების პოპულარული წინასაარჩევნო თემა იყო ჯერ კიდევ შარშან.


გაუგებრობას იწვევს სახელმწიფოს კუთვნილი, ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან დაგეგმილი შემოსავლების საკითხი. ისევე, როგორც 2003 წელს, 2004-შიც ამ სახის საწარმოებიდან დივიდენდების სახით მიღებული მოგება 13 მილიონს შეადგენს.


“სახელმწიფო საწარმოებიდან მოგება იმდენივეა დაგეგმილი, რაც 2003 წლის ბიუჯეტში იყო, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს. თუ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის დაწყებული, მაშინ ამ ბრძოლის შედეგები ამ კონკრეტულ შემთხვეავაში ბიუჯეტზეც უნდა იასახოს და გაიზარდოს შემოსავლები სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოებიდან,” – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ.


პრემიერ მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ სავალუტო ფონდთან თებერვალში შეთანხმებულ პარამეტრებში, რომელსაც 2004 წლის ბიუჯეტი ეყრდნობა, “ახალი რეალობების გააზრება არ მომხდარა”.


“წელს უნდა ველოდოთ დივიდენტების ზრდას, რაც ბიუჯეტის ცვლილებებში, რასაც მთავრობა ივლისში გეგმავს, აუცილებლად აისახება,” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.


ოპოზიცია ვერ იზიარებს ხელისუფლების ოპტიმიზმს ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. თვეში 114 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს მთავრობამ, რათა 2003 წლის ბიუჯეტის მსგავსად, ამ წლის ბიუჯეტში გარღვევა არ მოხდეს.


“ამ ოთხი თვის მანძილზე მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ია შესრულებული, მეეჭვება, რომ წლის ბოლომდე დარჩენილი 80%-ის შესრულება მოხერხდეს”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” დავით საგანელიძემ.


თუმცა, მთავრობა ოპტიმისტურად არის განწყობილი და მას შემდეგ რაც სავალუტო ფონდის პროგრამის აღდგენა მოხდება, რაც ფაქტიურად უკვე გადაწყვეტილია, ხელისუფლება გეგმავს ივლისში საბიუჯეტო პარამატრების კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნით მიმართოს პარლამენტს.

Back to top button