
საპენსიო დავალიანების თემამ მმართველ პარტიაში მწვავე დებატები გამოიწია
საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წევრი შეუერთდა ოპოზიციონერი დეპუტატების წინადადებას საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის თაობაზე.
მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების“ წევრებმა, დეპუტატებმა ზვიად ძიძიგურმა, ნიკა გვარამიამ, კახა კუკავამ და ბიძინა გუჯაბიძემ თანხმობა განაცხადეს ხელი მოეწერათ სარჩელზე, რამაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის პროტესტი გამოიწვია.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 47 კანონმდებლის ხელმოწერა შეაგროვა მთავრობის მიერ პენსიების ნაწილობრივ გაზრდის წინააღმდეგ.
2004 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობამ პენსიები 4 ლარით უნდა გაზარდოს იმ პენსიონერთათვის, რომელთა საპენსიო დავალიანებაც მთავრობამ უკვე დაფარა.
ის პენსიონერები, რომელთა დავალიანებაც ჯერ არ არის დაფარული, ასევე მიიღებენ 4 ლარს ყოველთვიურად, თუმცა ეს თანხა იქნება წინა თვეებში დაგროვილი დავალიანების გასტუმრება.
„ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორუფლებიანია და ყველა პენსიონერი ასევე თანასწორუფლებიანი უნდა იყოს. ამგვარად პენსიები ყველასთვის თანაბრად უნდა გაიზარდოს“, – განუცხადა დეპუტატმა კობა დავითაშვილმა „სივილ ჯორჯიას“.